ქართული საწარმო ხორცის ნახევარფაბრიკატებს ექსპორტზე  აზერბაიჯანში გაიტანს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს G & A GROUP-ის საწარმოს ეწვია.

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება შეძლო.

კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის მართვა და გაყინული ხორცპროდუქტების, ასევე თევზის იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ ნახევარფაბრიკატებისა და თევზეულის წარმოებაც შეძლო.

საწარმო, სადაც ამჟამად 75 ადამიანია დასაქმებული, ყოველთვიურად 15-20 ტონა ნახევარფაბრიკატსა და თევზს აწარმოებს, ხოლო სულ რაღაც 6 თვეში კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს, კერძოდ, თვეში პროდუქციის წარმადობა 100 ტონამდე გაიზრდება. კომპანია სამომავლოდ გეგმავს აზერბაიჯანში ხორცის ნახევარფაბრიკატების გატანას.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც მთავრობამ დაიწყო და იგი მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში თითქმის ყოველდღე იხსნება ახალი საწარმოები ან ხდება განახლებული წარმოებების ამოქმედება. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ დროისათვის პროგრამის თანახმად 205-ზე მეტი საწარმოა ჩართული და 10 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი.

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

”შპს G & A GROUP პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 900 000 ლარს შეადგენს”, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე