სათბურ ”პლანტაში” საერთო ჯამში 22 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო

მაღალტექნოლოგიური სათბური ”პლანტა” ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გამოიყენოს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბურის ”პლანტას” დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სათბური თანაინვესტირების ფონდისა და ფონდ ”ქართუს” ერთობლივი ინვესტიციით აშენდა და მასში ჯამში 22 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სათბური ”პლანტა” ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიაა მსოფლიოში.

”ამ ინვესტიციის შედეგი გახლავთ ის, რომ აქ 250 ადამიანი დასაქმდება. შედეგი ასევე არის ის, რომ ეს არის თანამედროვე ევროპული ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და ასევე გავა ექსპორტზე. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს არსებობს, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, გამოიყენოს საქართველომ იმისთვის, რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაიზარდოს და იმისთვის, რომ დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ორმა ყველაზე წამყვანმა ევროპულმა კომპანიამ, ფრანგულმა კომპანია ”რიშელმა” და ჰოლანდიურმა კომპანია ”სერტონმა”, რომელთა ტექნოლოგიაც იქნა გამოყენებული. ეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დღეს არის ასეთი დონის სასოფლო სამეურნეო საწარმო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღესვე, ქვემო ქართლში თბოელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაესწრება.

”ეს იქნება კომბინირებული წვის, ანუ ძალიან ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური. ჩვენ ზამთრის პერიოდში ვერ ვიკმაყოფილებთ საკუთარი გენერაციით, ჩვენი ქვეყნის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ აუცილებელია ასეთი ტიპის დამაბალანსებლების შექმნა საქართველოს გენერაციის სისტემაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით კონტრაქტორი კომპანია, რომელიც თბოელექტროსადგურს ააშენებს, ჩინურია, რომელიც ტენდერის შედეგად გამოვლინდა.