,,ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობის კანონზე მუშაობა დაიწყო

,,ხვანჭკარის“ ღვინის ადგილწარმოშობის კანონის დანერგვასთან დაკავშირებით არსებული პროცედურების განხილვა დაიწყო.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, აღნიშნული კანონი ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სრულად გადამუშავებას ადგილზე და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დამზადებას მხოლოდ სპეციფიკურ ზონებს შიგნით ითვალისწინებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს როგორც ღვინის ხარისხის დაცვასა და ფალსიფიკაციის აღმოფხვრას, ისე სამუშაო ადგილების შექმნასა და ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

”იმისთვის, რომ ძალაში შესვლის შემდეგ კანონს ჰქონდეს შესაბამისი ეფექტი, საჭიროა რეგიონში არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ღვინის ქარხნები, სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ. ,,ხვანჭკარის“ ჯიშების სრულად გადამუშავება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღვინის დამზადება. ადგილწარმოშობის კანონის წინამოსამზადებელ პერიოდში შეიქმნება ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი და მოხდება ყველა იმ გამოწვევის განხილვა და შეფასება, რომელიც კანონის ამუშავებას შეიძლება ახლდეს”, - ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.