საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ერევანში East Invest 2-ის პარტნიორთა შეკრებაში მონაწილეობს

ერევანში East Invest 2-ის პარტნიორთა ყოველწლიური შეკრება გაიმართა. საქართველოდან East Invest 2-ის პროექტში ჩართულია სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატა იუწყება, კონფერენციაში პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი მონაწილეობდა. შეხვედრაზე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ ევროპის პალატების წარმომადგენლები. ნატო ჩიქოვანის სიტყვა კონფერენციაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში ნატო ჩიქოვანმა საფრანგეთის, ესპანეთის, ლიტვისა და ბელგიის სავაჭრო პალატების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების ერთობლივად განხორციელება იყო.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის მთავარი პარტნიორია, რომელიც ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტ East-Invest-ს ახორციელებს. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. East Invest 2-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების (BSO) შესაძლებლობების გაზრდაა, რათა მათ უკეთესი სპეციალიზირებული სერვისები მიაწოდონ წევრ მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს. პროექტის მიზანს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ მეწარმეების ცნობიერების გაზრდაც წარმოადგენს.