5 წლის ასაკის ბავშვები სკოლაში შესაძლოა, აღარ მიიღონ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლაში ბავშვის მიღების ასაკის განსაზღვრაზე მუშაობს.

არსებული კანონმდებლობით, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიღება დაშვებულია. თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად, 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა სკოლაში მიზანშეწონილი არ არის.

სამინისტროში განმარტეს, რომ კვლევის მიხედვით, ამ ასაკში ბავშვები საგანმანათლებლო პროცესისთვის მზად არ არიან, გაკვეთილზე კონცენტრაცია უჭირთ, მოუსვენრობენ, ზოგიერთს ეძინება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სტრატეგიაზე მუშაობს, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, სკოლაში ბავშვის მიღების ასაკიც განისაზღვრება. სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ეცნობა და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. სტრატეგიის საჯარო განხილვა თებერვლიდან დაიწყება.

რაც შეეხება საკითხს, შესაძლებელი იქნება თუ არა 5 წლის ასაკის ბავშვის შეყვანა სკოლაში, თუკი იგი სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში 6 წლის გახდება, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კანონპროექტში ყველა დეტალი გაიწერება.