საპარტნიორო ფონდმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ნენსკრას ჰესის საინვესტიციო პროექტი გააცნო

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის მრავალმხრივი საინვესტიციო საგარანტიო სააგენტოს რეგიონალურ მენეჯერს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონში ოლივერ ლამბერტის, სააგენტოს უფროს დამზღვევს ინფრასტრუქტურის განხრით ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონში ქრისტოფერ მილვარდს და მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერს მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან აჰმედ ევაიდას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ ფონდის სტრუქტურა, მანდატი და პრიორიტეტული სექტორები გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო იმ პროექტებსაც, რომელსაც ფონდი ამ დროისთვის ენერგეტიკის სექტორში განიხილავს.

"ვეძებთ საიმედო ინვესტორს, რათა განვახორციელოთ 570 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე იქნება 210 მგვტ და წლიურად საათში საშუალოდ 1 194 გიგავატს გამოიმუშავებს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტთან მათი მუშაობის პრინციპებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

"ჩვენი სააგენტოს მისიაა, წავახალისოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის შემცირებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სააგენტოს მიზანია, ინვესტორებს ის რისკები შეუმციროს, რაც შეიძლება განვითარებად ქვეყნებში თანხის დაბანდებას ახლდეს. არსებობს 5 მთავარი რისკი - პოლიტიკური რისკი, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, კვალიფიციურ კადრებთან წვდომა, ფინანსებთან წვდომა და მთავრობის რეგულაციების გაზრდა გლობალური მსოფლიო კრიზისის შემდეგ, რის გამოც ინვესტორები ასეთ ქვეყნებში საქმიანობას დაწყებას გაურბიან", - აღნიშნა ოლივერ ლამბერტიმ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

საპარტნიორო ფონდი სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2 წლის წინ, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და სახელმწიფო სტრატეგიული აქტივების სწორი მართვისთვის დააარსა. ფონდისთვის პრიორიტეტული სექტორებია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ინფრასტრუქტურა/უძრავი ქონება.