ამერიკელმა ინვესტორებმა ანაკლიის პორტის პროექტი წარმოადგინეს

გაზაფხულის მიწურულს საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტზე ზუსტი სტრატეგია ექნება მიღებული.

ამერიკულმა ”კონტი ჯგუფმა” ეკონომიკის სამინისტროს ანაკლიის 100 მილიონიანი ტონის გამტარობის პორტის მშენებლობის სამ ფაზიანი პროექტი წარუდგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის პრეზიდენტი, კურტ კონტი დღეს მიიღო. შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე.

შეხვედრაზე განიხილეს ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების საკითხებიც.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის დაკვეთით ამჟამად იაპონური კომპანია სწავლობს საქართველოს სანაპირო ზოლის ფსკერის რელიეფს. მისი თქმით, მთავრობა ანაკლიის პორტის ზუსტ სტრატეგიას ყველა კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რაც სავარაუდოდ, 3-4 თვეში მოხდება.

„კონტი ჯგუფის“ დელეგაცია საქართველოში პირველად გასული წლის დეკემბერში ჩამოვიდა და სწორედ მაშინ გამოთქვა ინტერესი ანაკლიის პორტის მენეჯმენტთან დაკავშირებით.

წინასწარი გათვლებით, ანაკლიაში პორტის გარდა, დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს.