გიორგი ქადაგიძე: ჩვენ უკვე აღარ ვართ იმ ფაზაში, როცა გვიწესებენ მოთხოვნებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორებმა მენო შელიმ და ფრენკ ჰიმსკერკმა დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მდგომარეობა და გაცვლითი კურსის პოლიტიკა.

მათი თქმით, საქართველოში არსებული მცურავი გაცვლითი კურსი ოპტიმალურია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი მიზნებისთვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებს დღეს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მონეტარულ პოლიტიკას, ასევე ეროვნულ ბანკში განხორციელებულ სხვადასხვა რეფორმებს. მან თქვა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს სრული მხარდაჭერა და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ორივე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან მრავალი წლის განმავლობაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისეთია, როგორიც უნდა იყოს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ ვართ იმ ფაზაში, როცა გვიწესებენ რაიმე ტიპის მოთხოვნებს, რადგან საქართველო ზედმიწევნით კარგად ასრულებს ყველა იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც დაგეგმილია ამა თუ იმ პროგრამის მიხედვით", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სავალუტო ფონდიც და მსოფლიო ბანკიც ყველა გამოქვეყნებულ დოკუმენტში ცალსახად გამოხატავს ეროვნული ბანკის მხარდაჭერასა და თანადგომას და მხარს უჭერს ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას.