მსოფლიო ბანკმა ”საქართველო 2020” სტრატეგია მოიწონა

მსოფლიო ბანკი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020" პროექტს დადებითად აფასებს.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ჰანს თიმერმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ჰენრი კერალი და სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მართვის სექტორის ლიდერი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, რაშნი შანქარიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე განიხილეს როგორც მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები, ისე თავად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - "საქართველო 2020", რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.

"ფინანსთა მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ წლების განმავლობაში მიაღწია, ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობის სტრატეგია ასახავს იმ სამ მნიშვნელოვან სფეროს, რომლის განვითარებაც ჩვენც გვქონდა გუნებაში, ეს არის ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზრებზე, კონკურენციის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა", - ანაცხადა ჰანს თიმერმა.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, სტრატეგიის პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი, და ეკონომიკის ზრდის შედეგი მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენამ იგრძნოს საკუთარ თავზე.

"სტრატეგიაში ძირითადი მიმართულებები უკვე გაწერილია, მაგრამ ასევე იქმნება დარგობრივი დოკუმენტები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროცესია, რაც საქართველოს სწორი გზით განვითარებას ადასტურებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ხვალ, თბილისში, იხსნება მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი - "ეკონომიკური ზრდის გამოწვევები საქართველოსთვის". სწორედ ამ ფორუმზე დასწრების მიზნით იმყოფება საქართველოში მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტი.