”მსოფლიო ბანკი” საქართველოს სამუშაო ადგილების გასაზრდელად რეკომენდაციებს აძლევს

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გუშინ ”მსოფლიო ბანკის" ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, თემაზე: "სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში".

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, ნოდარ ხადური და თამარ სანიკიძე დაესწრნენ.

პრეზენტაცია წარმოადგინა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში "მსოფლიო ბანკის" სიღარიბის შემცირების და ეკონომიკური მართვის სექტორის მენეჯერმა და ანგარიშის ავტორმა კაროლინა სანჩესმა.

კარონლინა სანჩესი ამბობს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მაჩვენებლები ისეთია, რომ ერთის მხრივ, რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ამ ზრდამ ვერ შეძლო, შეექმნა საკმარისი სამუშაო ადგილები და დასაქმების გაუმჯობესების კუთხით მთლიანად რეგიონში დიდი პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

”მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები. საქართველოს აქვს წარმატებები ბიზნეს კლიმატის შექმნაში, თუმცა აუცილებელია გაგრძელდეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა, გაიხსნას ახალი კომპანიები, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, ამავე დროს, აუცილებელია სამუშაო ძალის კვალიფიკაციაც იყოს მაღალი, რათა მათ არ გაუჭირდეთ შესაბამისი სამსახურის შოვნა", - განაცხადა სანჩესმა.

მსოფლიო ბანკის შეხედულებას გარკვეულწილად იზიარებს ფინანსთა მინისტრიც. ნოდარ ხადურის თქმით, მთავრობისთვის ”მსოფლიო ბანკის” კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია და საფინანსო ინსიტუტთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობენ.

”ბოლო წლების ეკონომიკურმა ზრდამ სამწუხაროდ, დასაქმებაზე ასახვა ვერ ჰპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებით ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე 2003 ან 2004 წელს გვქონდა, რეალობა სხვაა - უფრო მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. როგორც წესი, ეკონომიკური მაჩვენებლის ფონზე სამუშაო ადგილები უნდა გაზრდილიყო, ამიტომ ეს კვლევა საყურადღებოა. ჩვენს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში ასახულია, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე უნდა აისახოს, რომ მათ შეძლონ მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება და არ იყვნენ დამოკიდებულნი სახელმწიფოს მხრიდან გასაცემ შემწეობებზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

"საქართველო 2020"-ის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში ხაზგასმულია ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელო როლი გასული ათწლეულის მანძილზე დასაქმების თვალსაზრისით და გამოკვეთილია ის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია საქართველოში ახალი და პროდუქტიული სამუშაო ადგილების შესაქმნელად. კერძოდ, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება და ფინანსებზე წვდომის გაძლიერება, რაც დასაქმების ზრდის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელისუფალთა ამოცანას წარმოადგენს ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები და ისინი ორ ძირითად სფეროს ეხება:

სამუშაო ადგილების შექმნისთვის საფუძვლის მომზადება ხელსაყრელი მაკროეკონომიკური და ბიზნეს გარემოს შექმნით, რომელიც არსებულ ფირმებს - ზრდის შესაძლებლობას, ხოლო ახალ ფირმებს ჩამოყალიბების და წარმატების სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მიღწევის საშუალებას მისცემს;

მუშახელისთვის ახალ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალების მიცემა, რათა მათ ჰქონდეთ სწორი უნარ-ჩვევები და სამუშაო სტიმული, შრომის ბაზარზე შეუფერხებელი წვდომა და ისეთ რეგიონებში გადასვლის საშუალება, სადაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის უფრო დიდი პოტენციალია.

დასაქმებასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობებისთვის მუშახელის უკეთესად მოსამზადებლად ანგარიშის ავტორები ისეთი პოლიტიკის გატარებას უჭერენ მხარს, რომელიც ადამიანების მიერ თანამედროვე სამუშაო ადგილებზე საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლას გულისხმობს. გარდა ამისა, უნდა გაუქმდეს ის შემაფერხებელი გარემოებები და ბარიერები, რომლებიც ადამიანებს პროდუქტიულ დასაქმებაში უშლიან ხელს. ამაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, შიდა მიგრაციის შემაფერხებელი გარემოებების გაუქმება იგულისხმება.