ყოველ მესამე შვილზე 150  ან 200-ლარიან დახმარებას ოჯახები ორი წლის განმავლობაში მიიღებენ

ყოველ მესამე შვილზე სახელმწიფოს დახმარებას გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მცხოვრები ოჯახები მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც დემოგრაფიას განსაზღვრავს, არის შობადობის ხელშეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ნაწილია შობადობის ფინანსური სტიმულირება.

”ჩვენ 1-ელი ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე დავიწყებთ ფინანსური დახმარების გაცემას. ეს იქნება ყოველთვიური დახმარება, რომელიც ბავშვს ორი წლის ასაკამდე გაჰყვება. მთლიანი ბიუჯეტი თავდაპირველად იქნება წელიწადში 4 მილიონი და შემდეგ - 8 მილიონი", – განაცხადა მინისტრმა.

პრემიერის ინიციატივის თანახმად, რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე, 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება.