25 აპრილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ ვიდეორგოლი განთავსდება

25 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი განთავსდება.

მოქალაქეები, რომელთა ხელფასის სახით დარიცხული წლიური შემოსავალი 2013 წელს 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დეკლარაციების შევსებას 1 აპრილიდან დაიწყებენ.

გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერისა, ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზეც - www.rs.ge.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვიდეორგოლის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ძირითად ინფორმაციას და მითითებებს დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

”მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებ-გვერდზე განთავსებულ გრაფაში "ხშირად დასმული კითხვები,” - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მათი განმარტებით, დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, შეავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. სპეციალური დეკლარაციის ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა ხელფასის სახით დარიცხული წლიური შემოსავალი 2013 წელს 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.