კვირიკაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე სირთულეები იქნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს ერთადერთი ხსნაა

ევროპელი პარტნიორები დღეს ერთხელ კიდევ გვიდასტურებენ დიდ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციასა და ბიზნესფორუმზე - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები”.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესახებ.

"ეს არის, რა თქმა უნდა, ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის, ვინაიდან ხსნის გზას ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომ აწარმოოს საქართველოში პროდუქცია. რა თქმა უნდა, ამ გზაზე იქნება სირთულეები, მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. ეს იქნება ეკონომიკის დანახარჯები მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას უდიდეს მოგებას და სარგებელს მოუტანს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.