აშშ-მა რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი შეაჩერა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ ამერიკულ კომპანიებს რუსეთში ”პოტენციურად საშიში პროდუქციის” ექსპორტზე ახალი ლიცენზიების გაცემა შეუჩერა,

- წერს უცხოური გამოცემა Foreign Policy.

როგორც სტატიის ავტორი ვარაუდობს, გადაწყვეტილება აშშ-მა რუსეთის ყირიმში შეჭრასთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში მიიღო. თავად ბიუროს გვერდზე, მოკლე განაცხადებაში აღნიშნულია, რომ ”2014 წელს პირველი მარტიდან შეჩერდა ლიცენზიების გაცემა საქონლის ექსპორტსა და რეექსპორტზე რუსეთში”, თუმცა, დოკუმენტში აკრძალული პროდუქტების სია დაზუსტებული არ არის. როგორც Foreign Policy იუწყება, საქმე ეხება ე.წ. ორმაგი დანიშნულების საქონელს, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს სამხედრო და თავდაცვის მიზნებით.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული აკრძალვა გაცილებით დიდ ზიანს თავად ამერიკულ კომპანიებს მოუტანთ. როგორც კომპანია Jacobson Burton -ის წარმომადგენელმა განაცხადა, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ამერიკულ კომპანიებზე, რომლებსაც რუსეთში ისეთი პროდუქტები შეაქვთ, როგორიცაა, ნავთობი, გაზი და ქიმიური ნაწარმი.

2013 წელს, ოფიციალური მონაცემებით, ბიურომ ”ვიზა” მისცა 1832 საექსპორტო კონტრაქტს, რომლებიც რუსეთში ლაზერებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანას ითვალისწინებდა, მათმა საერთო მოცულობამ კი 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.