მცხეთა, თრაკაი და გიჟიცკო დამეგობრდნენ

მცხეთის, თრაკაის (ლიტვის რაიონი) და გიჟიცკოს (პოლონეთის რაიონი) თვითმმართველობებმა დღეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

დოკუმენტს, რომელიც კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ბიზნესისა და ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საერთო პროგრამების შექმნას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ ქაშიაშვილმა, თრაკაის მერმა, ვიტაუტას ზალიეცკასმა და გიჟიცკოს მერმა, ანჟეი სიერონსკიმ.

ღონისძიება მცხეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ლიტვის ეკონომიკის მინისტრი, ევალდას გუსტასი, ასევე საქართველოს და პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, მიხეილ ჯანელიძე და ანჟეი დიხა, დაესწრნენ.

თრაკაი ისტორიული ქალაქია ლიტვაში, რომელიც ტბის გარშემოა გაშენებული და დედაქალაქიდან (ვილნიუსიდან) 28 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დედაქალაქთან სიახლოვის გამო თრაკაი პოპულარული ტურისტული ადგილია ლიტვაში. მისი მოსახლეობა 5.5 ათასამდე ადამიანს ითვლის.

რაც შეეხება გიჟეცკოს, ეს ქალაქი პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და განლაგებულია მამრისა და ნიეგოსინის ტბებს შორის. სულ გიჟეცკოში 29,5 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს.