რამდენი შეიძლება იყოს საარსებო მინიმუმი საქართველოში

წლები გადის, მაგრამ საარსებო მინიმუმი საქართველოში კვლავ 150 ლარის ფარგლებში რჩება. ასეა ახლაც: 2014 წლის თებერვალში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 137,6 ლარით განსაზღვრა, რაც მართალია, წინა წელთან შედარებით 4%-ით მეტია, თუმცა მაინც ცოტაა.

საარსებო მინიმუმის ოდენობა არაერთხელ ქცეულა ცხარე კამათის საგნად. ახლაც ბევრი ფიქრობს, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას ვერ ასახავს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არასწორად არის დათვლილი კალორიების რაოდენობაც - 2300 კილოკალორია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში კილოკალორაჟი 2700-ზე ნაკლები არ არის.

თანაც, საგულისხმოა, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში დგინდება 2003 წლის ბრძანებით დადგენილი მეთოდოლოგიით, რომელიც სპეციალისტებს მოძველებულად მიაჩნიათ. საქართველოს მთავრობაშიც აღიარებენ, რომ საარსებო მინიმუმზე მუშაობა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა.

”ეს კომპლექსური საკითხია, რომელზეც მთავრობა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ოპტიმალურ შედეგს მივიღებთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

ანიკო მახათაძე პენსიონერია. მისი თქმით, პენსია საკვების საყიდლადაც არ ჰყოფნის, სხვა საჭიროებისათვის თანხის გადანახვას კი ვერასოდეს ახერხებს.

"შვილები რომ არ მეხმარებოდნენ, წამალსაც ვერ შევიძენდი," - ამბობს პენსიონერი ქალბატონი და ამ სიტყვებით ყველა პენსიონერის სატკივარს ახმოვანებს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში ინფლაციური ტრენდია და ფასები იზრდება, საარსებო მინიმუმიც უნდა გადაიხედოს.

"მე მესმის, რომ ეს არ შეიძლება ხშირად გაკეთდეს, მაგრამ რაღაც რეგულაცია მაინც უნდა არსებობდეს. ამასთან, საარსებო მინიმუმი არ არის მხოლოდ სოციალური მაჩვენებელი, ეს არის ეკონომიკური მაჩვენებელი, იმიტომ რომ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება მისი გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს," - ამბობს ეკონომისტი.

მისი თქმით, გასაგებია, რომ არც სამომხმარებლო კალათის ცვლილება შეიძლება ხშირად, მაგრამ ვინაიდან სწორედ სამომხმარებლო კალათის მიხედვით ითვლება ინფლაციის მაჩვენებელი, ამ საკითხთანაც ძალიან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯების სტრუქტურაში 70 პროცენტი სურსათს უკავია, დანარჩენი 30 კი სხვა საჭიროებებს. რაც ნამდვილად არ არის კარგი. განვითარებულ ქვეყნებში პროდუქტზე ხარჯვის წილი მიზერულია, ეს პროპორცია ჩვენს ქვეყანაშიც უნდა შეიცვალოს ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კვალობაზე. როდესაც ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი დაეთმობა განათლებას, ჯანმრთელობას, ან დასვენებას და არა - საკვებს," - ამბობს ბერიძე.

”საქსტატის” დირექტორის მოადგილე, თენგიზ ცეკვავა კი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი რეალობისაგან მოწყვეტილი ვერ იქნება და ამიტომ, იმ სინამდვილეს ასახავს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

"საარსებო მინიმუმი დგინდება ფასების მიხედვით. არსებობს სამომხმარებლო კალათა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, მასში შედის 40 დასახელების პროდუქტი და საარსებო მინიმუმს სწორედ ამ პროდუქტების ფასის მიხედვით ვითვლით. ბოლო ორ-სამ წელიწადში მათი ფასი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ინფლაციის მაჩვენებელიც დაბალია, შარშან კი - საერთოდ დეფლაცია დაფიქსირდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ფასების მკვეთრი ცვლილება არ ყოფილა, საარსებო მინიმუმიც არ შეცვლილა. პური, კარტოფილი, ბოსტნეული - ყველაფერი, რაც ადამიანის ყოველდღიური რაციონისათვის აუცილებელია, დაახლოებით იგივე ფასი ღირს, ხოლო შაქარი - გაიაფდა კიდეც. პროდუქციის ფასი 2011 წელთან შედარებით შემცირებულიც კია. სწორედ 2011 წელს აღინიშნა მაღალი ინფლაცია, ბოლო წლებში კი ფასები მეტნაკლებად სტაბილურია. ამის გამო საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც მკვეთრად არ იცვლება," - განმარტავს ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილე.

თუმცა ცეკვავა აღნიშნავს, რომ სადავო თემაა თუ რატომ უკავია სამომხმარებლო კალათაში 70 პროცენტი სასურსათო პროდუქტებს, ხოლო 30 - არასასურსათოს.

"ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობენ, მიმდინარეობს მუშაობა მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, სტატისტიკოსებსაც არ მოგვწონს ეს მაჩვენებელი იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეშია შემუშავებული. მოწინავე ქვეყნებში საარსებო მინიმუმს კი არა, სიღარიბის დონეს ითვლიან, მაგრამ რადგან მიღებულია, რომ საარსებო მინიმუმი გარკვეულ ორიენტირს წარმოადგენს, ჩვენც ყოველთვიურად ვადგენთ და ვაკვირდებით," - ამბობს ცეკვავა.

მისი განმარტებით, თუკი, დავუშვათ, საარსებო მინიმუმში ჩაიდება ერთოთახიანი ბინის ქირის ღირებულება, ზაფხულში დასვენების ხარჯები, ავეჯის ფასი და ა.შ... და ის გახდება 700, ან ათასი ლარი, ეს მონაცემი ინფორმაციული მაინც არ იქნება.

"თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითოეულ ადამიანს თვეში 1000 ლარი უნდა ჰქონდეს, ჩვენი ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, ეს მიუღწეველია, რადგან ჩვენს სახელმწიფოს იმის საშუალება არა აქვს, რომ თითოეული მოქალაქე ათასი, ან თუნდაც 500 ლარით უზრუნველყოს. შესაბამისად, რის საშუალებაც გვაქვს, საარსებო მინიმუმსაც იმის მიხედვით ვითვლით. იყო პერიოდი, როდესაც სიღარიბის დონეს ინდოეთში იმის მიხედვით ადგენდნენ, შეეძლო თუ არა ადამიანს ბრინჯი ეყიდა. დანიაში კი ორიენტირად არის მიჩნეული, შეუძლია თუ არა მოქალაქეს უცხოეთში დაისვენოს. ერთი სიტყვით, ყველაფერი ამა თუ იმ ქვეყნის სიძლიერეზეა დამოკიდებული," - განმარტავს სტატისტიკოსი.

ის ირწმუნება, რომ ვინაიდან ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ვიდრე ინდოეთი, ან დანია, საარსებო მინიმუმიც შესაბამისად დგინდება. ”საქსტატიც”  მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს - საარსებო მინიმუმ რეალობის გათვალისწინებით ითვლის.

სინამდვილეში დღეს, როდესაც საქართველოში პენსია 150 ლარია და მიუხედავად ამისა, მაინც მნიშნველოვან ხარჯს წარმოადგენს ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ალბათ ღირს დაფიქრება იმაზე, რა მოხდება მისი მოცულობა თუნდაც 200 ან მეტ ლარამდე გაიზარდოს.

ვინაიდან საარსებო მინიმუმი - ეს არის ორიენტირი, რომელიც ქვეყნის განვითარების მიხედვით უნდა განისაზღვროს, ხოლო საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ამ დროისათვის 137,6 ლარს შეადგენს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ განვითარების რა დონეზეა დღეისათვის ჩვენი ქვეყანა.

ხათუნა ჩიგოგიძე