თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა გასულ წელთან შედარებით, 5,4 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,7 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ, რომელიც ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოიყენება, 11,8%-ით მოიმატა და 3 მილიარდ 354,3 მილიონი ლარი შეადგინა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი თებერვალში 3,5%-ით გაიზარდა.
იანვართან შედარებით 20%-ით გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და 573,3 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო შემოსავლები კი 13,4%-ით შემცირდა და 458,8 მილიონი ლარით განისაზღვრა, ანუ, დეფიციტმა ორ თვეში 39,1 მილიონი ლარი შეადგინა.
საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვება წინა თვესთან შედარებით თებერვალში 4,4%-ით შემცირდა - 73,1 მილიონ ლარამდე.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა და 3 944 ერთეული შეადგინა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-თებერვალში 17,4%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 567 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტმა - 22,7%-ით (439,8 მილიონ დოლარამდე), ხოლო იმპორტმა - 15,5%-ით (1 მილიარდ 127,3 მილიონ დოლარამდე).