ლარსის პუნქტზე საცობის გამო რუსეთ-თურქეთის ვაჭრობა ჩიხში შევიდა

თურქეთის ექსპორტი რუსეთში უკრაინის კრიზისმა დააზარალა, რადგან მოვაჭრეებმა გადაწყვიტეს, მარშრუტი შეეცვალათ და რუსეთში საქონელი საქართველოს გავლით გაეტანათ, - წერს თურქული გამოცემა ”ანტალია თუდეი”.

სტატიის ავტორის განცხადებით, აქამდე თურქ ექსპორტიორებს თავისი საქონელი უკრაინის პორტების საშუალებით გაჰქონდათ.

”კომპანიები იძულებულნი არიან, ყაზბეგი - ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტით ისარგებლონ, რომელიც რუსეთში შემავალი ერთადერთი ლეგალური პუნქტია, მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები გაუარესდა”, - განაცხადა შავი ზღვის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, აჰმეტ ჰამდი გიურდოღანმა.

როგორც გიურდოღანი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ ნება საზღვრის გადაკვეთაზე მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის თურქულ სატრანზიტო საშუალებებს დართო, შესაბამისად, პუნქტზე საცობი წარმოიშვა, რუსეთ-თურქეთის ვაჭრობა კი ჩიხში შევიდა.

”ერთი დღე, ერთი საათიც კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თურქეთის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებული პრობლემები მოაგვაროს. ქართული და უცხოური სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ კი მხოლოდ მათ შევყურებთ”, - აცხადებს გიურდოღანი.