საქართველოს სარეზერვო აქტივები 3,6 თვის იმპორტს უზრუნველყოფს

2013 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი წლიურად 5.4 %-ით გაიზარდა და 390.1 მილიონი აშშ დოლარი (657.6 მილიონი ლარი) შეადგინა. ამავე დროს, დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 8.6% შეადგინა. რაც შეეხება 2013 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ის მშპ-ის 5.9 პროცენტია, რაც 5.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2012-ის წლიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უარყოფით სალდოში ”ლომის წილი” ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს, რომლის ბალანსიც მეოთხე კვარტალში წლიურ ჭრილში 7.9%-ით გაუმჯობესდა, თუმცა, კვარტალურად 17.3 %-ით გაუარესდა და 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქონლის ექსპორტი ერთ წელიწადში 41.5 %-ით გაიზარდა და 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი 14.3 %-იანი ზრდით 2.3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 2013 წელს, შარშან საქონლით ვაჭრობის ბალანსი 17.2 %-ით გაუმჯობესდა და 3.5 მილიარდი დოლარი, ანუ 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

”მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. მათი ინფორმაციით, მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი წლიურად 13.7%-ით შემცირდა და 259.3 მილიონი დოლარით განისაზღვრა. აქედან, მომსახურების ექსპორტმა 6.3 %-იანი ზრდით 698 მილიონი დოლარი შეადგინა. მომსახურების იმპორტმა კი 23.3%-ით მოიმატა და 438.6 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მეტწილად სატრანსპორტო მომსახურებით იყო განპირობებული. თუმცა, მომსახურებაში ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (309.2 მილიონი დოლარი), წლიური ზრდა კი 7.3%-ს აღწევს. 2013 წლის განმავლობაში ტურისტული მომსახურების სალდო 23.5%-ით გაიზარდა და 1.4 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.

შემოსავლების ბალანსის უარყოფითმა სალდომ მეოთხე კვარტალში 15.2 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტია, მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით 14.3%-ით შემცირდა და 375.5 მილიონი დოლარი შეადგინა, კლება განაპირობა როგორც სახელმწიფოს (-37.4%), ასევე კერძო ტრანსფერების (-11.7 %) შემცირებამ.

წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, რომელიც დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 161.1 მილიონი დოლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ს 3.5%-ია. 2013 წლის განმავლობაში წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მშპ-თან ფარდობა 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 5.6 %-ს გაუტოლდა. აქედან, რეინვესტირებულმა შემოსავალმა 24.6 %-ს მიაღწია.

პორტფელის ინვესტიციების სალდომ 163 მილიონი დოლარი შეადგინა, სადაც აქტივები 1.1 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო ვალდებულებები 162 მილიონი დოლარით გაიზარდა საბანკო სექტორის სავალო ფასიანი ქაღალდების ხარჯზე.

სხვა ინვესტიციების სალდო უარყოფითი იყო და 2013 წლის მეოთხე კვარტალში -190.5 მილიონი დოლარით განისაზღვრა. კვარტალის განმავლობაში აქტივები 326.5 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც დეპოზიტებისა და სავაჭრო კრედიტების ზრდით იყო განპირობებული. ამავდროულად, ვალდებულებები 136 მილიონი დოლარით გაიზარდა სესხების და დეპოზიტების ზრდის გამო.

სარეზერვო აქტივები 2013 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 252.7 მილიონი დოლარით შემცირდა და 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 3.6 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.