დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: DCFTA-ს ძირითადი უპირატესობა ტარიფების შემცირება იქნება

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სურს, რომ ივნისში საქართველომ ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, - აცხადებს თბილისში ვიზიტით მყოფი დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, დევიდ ლიდინგტონი.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი გუშინ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსა და ქართველ ხალხს სთავაზობს სამოქმედო გეგმას ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუციების ტრანსფორმირებისა და მოდერნიზაციისთვის. ასოცირების ხელშეკრულება გამოცდილი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ქართველ ხალხს კეთილდღეობა, უსაფრთხოება და დემოკრატია მოუტანოს", - აღნიშნა დევიდ ლიდინგტონმა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, შექმნის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილებს.

"ვფიქრობ, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სარგებლის ძირითადი უპირატესობა ტარიფების შემცირება იქნება. საქართველოს ასევე შეეძლება ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე გატანა დისკრიმინაციის გარეშე", - განაცხადა დევიდ ლიდინგტონმა და დასძინა, რომ საქართველოს უდიდესი შესაძლებლობები აქვს ექსპორტისთვის.