გიორგი კვირიკაშვილი - ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ახალ საფინანსო ინსტიტუტს ბანკი უნდა დაერქვას, თუ ფონდი

ახალი საფინანსო ინსტიტუტი, რომლის შექმნასაც მთავრობა გეგმავს, სხვადასხვა სახელმწიფო-საინვესტიციო ფონდებს გააერთიანებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, რა იქნება ახალი ინსტიტუტის სახელწოდება – ბანკი, თუ ისევ ფონდი, გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია.

"საპარტნიორო ფონდი, ასევე სხვადასხვა ფონდები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროების ქვეშაა გაბნეული, უნდა გაერთიანდეს და მათ ბაზაზე შეიქმნას ერთიანი, უფრო ეფექტურად მართული საფინანსო ინსტიტუტი. ჯერჯერობით, ვმსჯელობთ იმაზე, ბანკი უნდა დაერქვას, თუ ფონდი... შეიძლება დაერქვას განვითარების ფონდი და განვითარების ბანკი. ასე რომ, სახელწოდებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყეტილება მიღებული არ არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ახალი უწყების უფლებამოსილებას, მინისტრის განმარტებით, ის არსებულ კომერციულ საბანკო სისტემასთან არ უნდა გადაიკვეთოს.

"ამ ინსტიტუტმა უნდა დააფინანსოს განვითარების გრძელვადიანი პროექტები, სადაც გრძელვადიანი კაპიტალია საჭირო, რა ტიპის პროექტებსაც არსებული კომერციული საბანკო სისტემა, როგორ წესი, არ აფინანსებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალი საბანკო სისტემის ხელძღვანელის პოსტზე დეპუტატი დავით საგანელიძეც განიხილება.

"საპარტნიორო ფონდს ჰყავს საკმაოდ კვალიფიციური ხელმძღვანელი, თუმცა, ახალ ინსტიტუტს ვინ უხელმძღვანელებს, ამაზე, ალბათ, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება. საგანელიძის კანდიდატურაზე მსჯელობა მიდის, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.