რუსეთი მზადაა უკრაინას ფინანსურად დაეხმაროს, თუ ის ყირიმის რუსეთთან მიერთებას აღიარებს

რუსეთი მზად არის ფინანსური დახმარება გაუწიოს უკრაინას, თუ უკრაინა ყირიმის რუსეთთან მიერთების ლეგიტიმურობას აღიარებს.

ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა ვაშინგტონში, გერმანელ კოლეგასთან, ვოლფგანგ შოიბლთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სილუანოვი ამბობს, რუსეთი მზად არის უკრაინას ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, როგორც საბიუჯეტო, ასევე ბუნებრივი აირის საკითხებში, მაგრამ ამისთვის უკრაინამ რუსეთის მოთხოვნები უნდა შეასრულოს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი უკრაინას შემდეგ მოთხოვნებს უყენებს: უკრაინამ უნდა ჩაატაროს საკონსტიტუციო რეფორმები, ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები და მოახდინოს ისეთი მთავრობის ფორმირება, რომელთანაც რუსეთი მოლაპარაკებებს გამართვას.

გარდა ამისა, ანტონ სილუანოვის თქმით, რუსეთის მოთხოვნით უკრაინამ უნდა მოახდინოს ყირიმის გარშემო შექმნილი ვითარების ლეგიტიმიზაცია და აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა მშვიდობიანი გზით, რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის გარეშე მოაგვაროს.