IMF იმედოვნებს, რომ საქართველოს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აუცილებლად იქნება მიღწეული

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, მენო სნელს საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ხადურმა და მენო სნელმა შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლოდ, თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარების პერსპექტივა განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

"მენო სნელმა კვლავ დაადასტურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აუცილებლად იქნება მიღწეული,"- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მენო სნელს მისი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.