ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს  DCFTA-ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელება განიხილოს

ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც კი ამისთვის სათანადო პირობები შეიქმნება.

წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია: "ევროკავშირის მიზანია, მოხდეს საქართველოსთან დადებული შეთანხმების განხორციელება, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მიზანი ისეთი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოუტანს სარგებელს".

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და აქვეყნებს 40 მითს DCFTA-ს შესახებ, რასაც ფაქტებს უპირისპირებს. ერთ-ერთი ასეთი მითის თანახმად, შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იქნება სეპარატისტულ რეგიონებში და რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის ეკონომიკური უთანაბრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ გზით კი ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საინტერესოა, როგორ არის გათვალისწინებული ტეროტირიული გამოყენების საკითხი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში უშუალოდ ასოცირების ხელშეკრულებაში. პარაფირებული ხელშეკრულების ტექსტში ნათქვამია, რომ შეთანხმებისა და მისი IV კარის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილი) გამოყენება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაიწყება, როცა საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ იქნება შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და შესრულება.