საწვავი გაძვირდა - "ბაზარზე ისევ ოლიგოპოლიაა"

წინასააღდგომოდ, როცა ტრადიციულად, ქვეყანაში მიმოსვლა აქტიურდება და შეიძლება ითქვას, პიკს აღწევს, ბენზინი გაძვირდა. საწვავზე ფასმა საშუალოდ 5 თეთრით მოიმატა.

რა არის ამის მიზეზი? - ამ კითხვით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს, ვანო მთვრალაშვილსა და ეკონომიკის ექსპერტს, ანალიტიკოს ბექა კემულარიას მივმართეთ.

ვანო მთვრალაშვილი: "საერთაშორისო ფასების მატების ტენდენცია რამდენიმე დღის წინ არ დაწყებულა. ერთ თვეზე მეტია, რაც ნავთობპროდუქტებზე ფასები ნელ-ნელა იზრდება. წინასააღდგომოდ კომპანიებმა არაპოპულარული ნაბიჯი გადადგეს, ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული საერთაშორისო ფასებზე, თუმცა, ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ ფასის ზრდა ყველა პროდუქტს არ შეხებია: გაძვირდა "რეგულარის ტიპის" საწვავი და დიზელი, საშუალოდ 3 თეთრით. 5 თეთრით საწვავი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გააძვირა, რომელსაც ისედაც ყველაზე დაბალი ფასი აქვს ამ პროდუქტებზე. კომპანიების ფასწარმოქმნის სტრატეგია დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებზე და ასევე, ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებაში, რომელიც წინა პერიოდთან შედარებით დაცემულია".

ბექა კემულარია: "ფასმა რამდენიმე ტიპის საწვავზე მოიმატა. საწვავზე სატენდერო ფასი ორ თვეში ერთხელ იცვლება. მაგალითად, თუ წლის დასაწყისში საწვავზე სატენდერო ფასი 1 ლარი და 85 თეთრი იყო, შემდეგ გაიზარდა და 1 ლარი და 91 თეთრი შეადგინა. შესაბამისად, ახლა სხვაობა სახელმწიფო და საცალო ფასებს შორის 1 ლიტრ საწვავზე დაახლოებით 20 თეთრია. სხვა კერძო კომპანიებს კი სატენდერო შესყიდვებისას ნავთობ-იმპორტიორები საწვავზე ფასს მაქსიმუმ 5 თეთრით უკლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ისევ ოლოგოპოლიაა, ანუ რამდენიმე წამყვანი მოთამაშეა. რაც შეეხება აპელირებას საერთაშორისო ფასზე, მსოფლიო ფასი კი გაიზარდა, მაგრამ კომპანიების მიერ საწვავის შესყიდვა ახლა ხომ არ მომხდარა?! კომპანიები საწვავს ბევრად ადრე ყიდულობენ, ვიდრე ის მომხმარებლამდე მივა. შესაბამისად, საერთაშორისო ფასის საცალო ფასზე ასახვა ასე მალე და მკვეთრად არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, რომ სატენდერო ფასი ორი თვეა არ შეცვლილა.

- გამოდის, რომ კომპანიებს საწვავის გაძვირების ობიექტური მიზეზი არ ჰქონდათ?

- ბაზარზე კონკურენცია კი გაუმჯობესდა, თუმცა, არა ოლიგოპოლისტი კომპანიების დამსახურებით, არამედ პოლიტიკური ნებით - ბაზარზე ტერორი შეწყდა, ყველას შეუძლია შემოიტანოს საწვავი. არაერთი არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაჩნდა, მაგრამ მათი სიმცირის გამო, ისინი ვერ უწევენ დიდ ბრენდებს ისეთ კონკურენციას, რომ ამან ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ახლა დიდ ბრენდებსა და მცირე სადგურებში საწვავის ფასებს შორის სხვაობა მხოლოდ 10-15 თეთრია. გარდა ამისა, პატარა სადგურების მიმართ მომხმარებლის ნდობა დაბალია".

ნინო კვიტაშვილი