”განვითარების ბანკი” - ორი სახელმწიფო ბანკის ნაცვლად შექმნილი ალტერნატივა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ”განვითარების ბანკის” დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოში მომზადდა და ახლო მომავალში საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. ცნობილია, რომ ეს არ იქნება კომერციული ბანკი და მხოლოდ სპეციალურ პროექტებზე იმუშავებს. ”განვითარების ბანკის” ”საპარტნიორო ფონდის” რეორგანიზების შედეგად ჩამოყალიბდება და მის ფუნქციებსაც შეითავსებს.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ”ქართული ოცნების” ეკონომიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი: ”სახელმწიფო ბანკის იდეა თავისთავად ახალი არ არის. ამ გადაწყვეტილებაში ვერც რამე დანაშაულს ან სტრატეგიულ შეცდომას ვერ ვხედავ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით - ცნობილი უნდა იყოს, რეალურად რა და რისთვის კეთდება.

ჩვენ გვაქვს საოცრად პატარა ეკონომიკა - ერთი სუსტი, საშუალო ამერიკული კომპანიის ერთი წლის შემოსავლების მოცულობის. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს აქტიურობა სწორი მიმართულებით ძალიან მნიშვენლოვანია.

როცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე ვმუშაობდით, ორი სახელმწიფო ბანკის გაკეთებას ვფიქრობდით. ერთი უნდა ყოფილიყო აგრობანკი, რადგან სოფლად კაპიტალის ბაზარი არ არსებობს. თავდაპირველად სახელმწიფო აგრობანკში თანხების ნაწილის მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდებოდა, მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა დონორების მოზიდვა და სხვა მექანიზმების გამოყენება. მეორე აუცილებელი ინსტიტუტი, რომელიც უნდა შექმნილიყო, ექსპორტ-იმპორტის ბანკი იყო. ეს არის სპეციფიკური ბანკი, რომლის ანალოგი არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად ჩვენს მეგობარ პოლონეთში. ეს ბანკი მნიშვენლოვან დახმარებას უწევს პოლონურ ბიზნესს საზღვარგარეთ საქმიანობაში. ასეთი ბანკი ჩვენც გვჭირდება, რადგან ექსპორტის განვითარება და შესაბამისად მისი გატანა მოცულობით ბაზრებზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან არ მომწონს მხოლოდ ერთი - ”მთავრობის განვითარების ბანკის” არსებობა, მით უფრო თუ მას არასწორად შერჩეული მენეჯმენტი ეყოლება. თუ ამ ბანკს პოლიტიკოსები ჩაუდგებიან სათავეში, ეს სრული კატასტროფა იქნება”.

მასალის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” 21-28 აპრილის ნომერში.