ირაკლი ხინთბა : არავინ აპირებს აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას

აფხაზეთი თანახმა არ არის, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გეგმის ნაწილი გახდეს.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხინთბამ განაცხადა.

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა აფხაზეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილოს. ხინთბა განმარტავს, რომ საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ შეთანხმებაზე და არა ცალკე აფხაზეთის რეგიონთან დოკუმენტის ხელმოწერაზე.

"სინამდვილეში არავინ აპირებს აფხაზეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. საქმე ეხება ევროკავშირის გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, რომელშიც აფხაზეთი საერთო სურათის ნაწილად განიხილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხის ასე დაყენებაზე თანახმა არ ვართ. თუ ჩვენს ევროპელ კოლეგებს მართლა სურთ დაეხმარონ აფხაზ ერს, უნდა მოეპყრონ აფხაზ საზოგადოებას, როგორც დამოუკიდებელ ღირებულებას და არა როგორც ობიექტს, რომელზეც გავლენის მოხდენა შეიძლება საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით”,- განაცხადა ხინთბამ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტში, რომლის პარაფირებაც გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა, ნათქვამია, რომ შეთანხმებისა და მისი IV კარის გამოყენება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაიწყება, როცა საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ იქნება შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და შესრულება. ამასთან, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის მხარემ დაადასტურა, რომ მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება.