ზაფხულის ტურისტული სეზონი თვის ბოლოს გაიხსნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას ინფორმაციით, ტურისტული სეზონი ოფიციალურად თვის ბოლოს გაიხსნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, შაორის ტბასა და ბორჯომში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

სიგუას თქმით, გახსნის ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციის ადგილას ჩატარდება. ბათუმში საწყლოსნო, საპარაშუტო და სხვადასხვა სახალისო აქტივობები იქნება. რაჭაში იქნება ორდღიანი ლაშქრობა, ტბაზე კი წყლის თხილამურებით შეჯიბრებები, ბორჯომის პარკში კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართება, ქუთაისში იქნება ყვავილების ფესტივალი, კონცერტი, ბოდიარტი და სხვა ღონისძიებები.

როგორც გიორგი სიგუამ განაცხადა, ეს ყველაფერი თბილისში, გრანდიოზული ღონისძიებით დაგვირგვინდება. ”აქ იქნება წარმოდგენილი ყველა პროდუქტი, რაც შევქმენით, მათ შორის იქნება პრეზენტაცია მთავარი საბრენდო ნიშნის - "მუსკატი გიო", რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი და ყველა ტურისტის თანამგზავრი, საინფორმაციო დაფებიდან", - განაცხადა სიგუამ.