ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ისე წარიმართება, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება

ვერანაირ წინააღმდეგობას, ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან და ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელიც 9 ივლისს პრაღაში გაიმართება. 7 ივლისს კი, ამავე თემაზე საექსპერტო შეხვედრა ეწყობა.

"საუბარი იქნება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. იმაზე, თუ რა გაკეთდა აქამდე, რა პერსპექტივები არსებობს სამომავლოდ. საუბარი იქნება ასევე ასოცირების ხელშეკრულებაზე. ჩვენ ეს ხელშეკრულება გავაფორმეთ მშვიდად, საქმიანად და იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მომავალშიც წარიმართება ისე, რომ არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება. ვერანაირ წინააღმდეგობას, ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან და ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან - მათ შორის რუსეთთან", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.