110 კილოვატი მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია დასრულდა

110 კილოვატი მაღალი ძაბვის ქვესადგურის "დაფნარის" რეაბილიტაცია დასრულდა.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, აღნიშნული ქვესადგურიდან ელექტროენერგია მიეწოდება სამტრედიის რაიონის 16 სოფელს – დაფნარს, საჯავახოს, გომს, გორმაღალას და კიდევ 12 სოფელს, საერთო ჯამში 3500 აბონენტს.

კომპანიის ინფორმაციით, ქვესადგურზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფლების ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდა.

"მაღალი ძაბვის ქსელში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია აღმოიფხვრას ავარიული და უამინდობით გამოწვეული გათიშვები. რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს კომპანიის ქვესადგურებში სხვადასხვა ფიდერებზე, აგრეთვე მაღალი და დაბალი ძაბვის ხაზებზე; იცვლება სატრანსფორმატორო პუნქტები, იჭიმება ახალი კაბელები და სხვა. ყოველივე ეს ხელს უწყობს უფრო საიმედო და ხარისხიანი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ჩვენი აბონენტებისთვის", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

მისი თქმით, "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" აბონენტების ხარისხიანი და სტაბილური ენერგომომარაგება წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს. შესაბამისად, კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით გრძელდება ქსელის სარეაბილიტაციო პროექტების დანერგვა. კომპანიის ცნობით, მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოები მიზნად ისახავენ ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობის გაზრდას, აგრეთვე უამინდობის თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებით გამოწვეული ავარიული გათიშვების და დაზიანებების მინიმუმამდე შემცირებას.