მაგისტრალური გაზსადენის "ზესტაფონი-ქუთაისის" მონაკვეთზე სამუშაოების 68% შესრულებულია

მაგისტრალური გაზსადენის "ზესტაფონი-ქუთაისის" 700 მმ დიამეტრის 23 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 68% უკვე შესრულებულია, რომელთა შორისაა ტრანშეას გათხრა, მილების შედუღება, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და აღდგენა, მიწის უკუჩაყრა, ჰიდროტესტირება და სხვა.

კორპორაციის ცნობით, "ზესტაფონი-ქუთაისის" მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

"ზესტაფონი-ქუთაისის" 23 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარია. მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი მონაკვეთისთვის ("გორი-ქარელი" და "ზესტაფონი-ქუთაისი") ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა.

მაგისტრალური გაზსადენის "ზესტაფონი-ქუთაისის" 23 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს "საქმილსადენმშენი" ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2014 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი", - განმარტავენ კორპორაციაში.