100 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი ქვეყნის მასშტაბით უკვე 100 სუბიექტს მიენიჭა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებულ 100 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. საზეიმო ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მიმართეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტის წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ENPARD-პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ გამოწვევის მნიშვნელოვანი წილი აგრარულ სექტორზე მოდის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელმაც სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

ღონისძიების ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და შპს "მექანიზატორის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჩხაიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შპს "მექანიზატორის" მომსახურებას შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

კოოპერატივების საერთაშორისო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1992 წელს დააწესა და 1994 წლიდან ივლისის პირველ შაბათს, ყოველწლიურად აღინიშნება. კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსი 700 მილიონ წევრს აერთიანებს.

კოოპერატივების საერთაშორისო დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.