დიმიტრი მედვედევი : რუსეთი თავის ბაზარს დაიცავს

რუსეთი თავისი ბაზრის დამცავ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ.

ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ზომების მოცულობა მიახლოებული იქნება იმ ზომებთან, რომლის მიღებაც მოლდოვასთან მიმართებაშია დაგეგმილი.

"თუ უკრაინასა და საქართველოში მოვლენები იმავე გზით განვითარდება, როგორც მოლდოვაში, ამ ზომების მოცულობა მიახლოებული იქნება იმ ზომებთან, რომლის მიღებაც მოლდოვასთან მიმართებაშია დაგეგმილი, რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რუსული ბაზრისთვის შედეგების გათვალისწინებით", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ამასთან, რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის განცხადებით, შესაძლოა, მოლდოვა გაირიცხოს დსთ-ის ქვეყნების თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებიდან. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოაწერეს. მოლდოვას პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება გასულ კვირას მოახდინა.