პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი არ არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება და აფხაზეთთან კავშირი არ აქვს.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ამაზე საუბარი არ არის ჯერჯერობით, რკინიგზის აღდგენა ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ანუ არაფერი საერთო არ აქვს აფხაზეთთან. შესაბამისად, ეს რკინიგზა იქნება თუ არ იქნება, მხოლოდ შეიძლება იყოს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შედეგი, ჯერჯერობით ამ ტიპის არანაირი ღონისძიებები არ ხორციელდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ეს საკითხი უფრო მეტად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის კომპეტენციაა.