საქართველო მოსახლეობის შემოსავლის მხრივ რეგიონის აუტსაიდერია

კვლევის მიხედვით, რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ხალხი უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ჩვენთან

საქართველო მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის ოდენობით სამეზობლოში ერთ-ერთი აუტსაიდერია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013 წელს ჩვენთან მოსახლეობის პარიტეტული მსყიდველუნარიანობის მიხედვით, შემოსავალმა 8040 დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც სომხეთში ეს მაჩვენებელი 8140 დოლარი იყო, აზერბაიჯანში - 18180, რუსეთში - 23200, თურქეთში კი - 18760 დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის შემოსავალი და მათი მსყიდვითუნარიანობა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთან, შესაბამისად, იქ ხალხი უკეთესად ცხოვრობს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013 წელს მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე პარიტეტული მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, საქართველოში შემოსავალმა 7040 დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 139-ე ადგილზეა და მას საგრძნობლად უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, თურქმენეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი. რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა 23,2 ათასი დოლარი შეადგინა, რითაც ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 65-ე ადგილზეა. თურქეთი რეიტინგში 82-ე ადგილზეა.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველო, მოსახლეობის შემოსავლისა და მსყიდველუნარიანობის მიხედვით, სამეზობლოში ერთ-ერთი აუტსაიდერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი პერმანენტულად იზრდება, თუმცა საქართველომ დღემდე ვერ მოახერხა, სათანადო ადგილი დაეკავებინა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009 წელს საქართველოში მშპ-ს მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე პარიტეტული მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით შემოსავალმა 5440 დოლარი შეადგინა, 2010 წელს - 5730 დოლარი იყო, 2011 წელს - 6140 დოლარი, 2012 წელს - 6760 დოლარი, 2013 წლის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა 7040 დოლარს მიაღწია.

სომხეთში მოსახლეობის შემოსავალი, მსყიდველუნარიანობის მხრივ, ჩვენთან შედარებით მაღალია: 2012 წელს - 7890 დოლარი, 2013 წელს კი - 8140 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია აზერბაიჯანში: 2012 წელს -14860 დოლარი, 2013-ში კი- 16180 დოლარი.

მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე პარიტეტული მსყიდველუნარიანობის მიხედვით, 2013 წელს თურქეთში მოსახლეობის შემოსავალმა 18760 დოლარი შეადგინა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი _ 18020 დოლარი იყო. სამეზობლოში კი პირველი ადგილი რუსეთს უკავია. მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 22710 დოლარი იყო, შარშან კი - 23200 დოლარი.

სტატისტიკოსი და ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ მშპ-ს მოსახლეობის ერთ სულზე ითვლიან ორნაირად: 1 - მიმდინარე ფასებით და ოფიციალური კრუსით და 2- პარიტეტით. როგორც წესი, ყველა ქვეყანა, თუ ის არის დამოუკიდებელი და აქვს საკუთარი ვალუტა, სწორედ ამ ვალუტაში ანგარიშობს თავის შიდა პროდუქტს. შემდეგ ოფიციალური კურსით გადაყავთ დოლარში და მერე მათი შედარება ხდება.

”ფასების დონე ყველა ქვეყანაში განსხვავდება, შესაბამისად, განსხვავდება 1000 დოლარის შემოსავლის მქონე ადამიანი ამერიკასა და საქართველოში. ამერიკაში ეს დაბალ შემოსავლად ითვლება, საქართველოში კი საშუალო და ცოტა მაღალ შემოსავლადაც კი.

მოსახლეობის კეთილდღეობა არა მარტო თანხის სიდიდეზეა დამოკიდებული, არამედ ამ ფულის მსყიდველობით უნარზე, ანუ რამდენი პურის, ხორცის ან სხვა პროდუქტის შეძენა შეუძლია ადამიანს კონკრეტული თანხით. საქართველოსა და ამერიკაში ერთნაირი რაოდენობის საქონელი რომ აიღეს და დათვალეს, აღმოჩნდა, რომ ჩვენთან 60 დოლარიც საკმარისია იმ პროდუქტის შესაძენად, რასაც ამერიკაში სჭირდება დაახლოებით 100 დოლარი. ამიტომ თუ ამერიკელს აქვს თვეში 1000 დოლარი შემოსავალი, ქართველს კი - 600 დოლარი, ისინი იქნებიან ერთ დონეზე”, - განაცხადა არჩვაძემ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ამ რეიტინგით სამეზობლოში საქართველოს ბოლო ადგილზე ყოფნა იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში მოსახლეობის კეთილდღეობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.

”მიმდინარე ფასებით შეიძლება საქართველოს ჰქონდეს მშპ-ს უფრო მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე, ვიდრე, მაგალითად, სომხეთს, მაგრამ თუ როგორი ფასებია სომხეთსა და საქართველოში, რეიტინგის შედგენა ამის მიხედვით ხდება. აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - როგორაა განაწილებული ეს კეთილდღეობა, მაგრამ ამას უკვე რეიტინგი არ ასახავს.

რამდენად თანაბრად არის ეს დოვლათი განაწილებული საზოგადოებაში? თუ ეს სიკეთე საზოგადოების მცირე ნაწილის ხელშია კონცენტრირებული, აღმოჩნდება, რომ ოლიგარქები ცხოვრობენ კარგად, უმეტესობა კი გაჭირვებულ მდგომარეობაშია. თუ კეთილდღეობა მეტ-ნაკლებად თანაბრად არის განაწილებული, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქ საზოგადოება ერთგვაროვანია და უფრო მეტი შანსია იქ მოსახლეობის კეთილდღეობისათვის”,- დასძინა არჩვაძემ.

საქართვლეოში უთანაბრობა სულ ცოტა ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. ”მაგალითად, საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10% რომ ავიღოთ, ანუ 450 000 ადამიანი, მათი შემოსავლის თანაფარდობა ყველაზე დაბალშემოსავლიან 450 000 ადამიანის შემოსავალთან არის თითქმის 18-ჯერ მეტი. ეს სხვაობა გერმანიაში არის მაქსიმუმ 8-ჯერ მეტი.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ეს მონაცემები, ანუ მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლის მაჩვენებელი და ასევე ჩვენთან არსებული უთანაბრობის მაღალი დონე, ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა იმ ქვეყნებში ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაზე უფრო უკეთესად ცხოვრობს”, - განაცხადა არჩვაძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”