გუდაურსა და ბაკურიანში დიდველზე ზაფხულის სეზონი გაიხსნება

გუდაურსა და ბაკურიანში, დიდველზე დღეს პირველად ზაფხულის სეზონი გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურ დამსვენებელს შეეძლება, გუდაურის და დიდველის გზები ველოსპორტისთვის გამოიყენოს და ასევე, ლამაზი ხედებით ისიამოვნოს.

უწყების ცნობით, ველობილიკების მოსაწყობად დასრულდა გზების ქვებისგან გაწმენდითი სამუშაოები. ველოსიპედისტებისთვის გუდაურსა და დიდველზე მოეწყო მარტივი, საშუალო და რთული ველობილიკები. მოხდა აღნიშნული ბილიკების მარკირება და საინფორმაციო და უსაფრთხოების ნიშნებით აღჭურვა. გუდაურში ველომარშრუტების საერთო სიგრძე 12 კმ-ს შეადგენს, ხოლო ბაკურიანში, დიდველზე - 28 კმ-ს. ველოსპორტის გარდა, დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება მოაწყოს ლაშქრობა და კემპინგი, იხილოს ლამაზი ბუნება და ისიამოვნოს თვალწარმტაცი ხედებით.

გუდაურში საბაგიროები დამსვენებელს მოემსახურება შაბათ-კვირას, ხოლო დიდველზე - მთელი კვირის განმავლობაში, 11:00-დან 17:00 საათამდე. ველომოყვარულებისთვის აგვისტოს თვეში მოეწყობა შეჯიბრი, რომლის პირველი ეტაპი ჩატარდება გუდაურში, ხოლო დასკვნითი ტური დიდველზე. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს.

გუდაურსა და დიდველზე ზაფხულის სეზონის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული მთის კურორტების მართვის კომპანია.