საგრანტო პროგრამა სოფლად ”არასასოფლო” ბიზნესის განვითარებისთვის

ევროკავშირი ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს მათთვის, ვისაც სოფლად რამე სხვა ბიზნესის დაწყება სურს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშემ, ხუან ეჩანოვემ ”ბიზნესკურიერთან” საუბრისას აღნიშნა, ეს ENPARD-ის პროგრამის ახალი ელემენტია და თუ მანამდე მათი მთავარი მიზანი სოფლად აგროწარმოების ხელშეწყობა იყო, ახლა სხვა მიმართულებების ხელშწყობაც გადაწყვიტეს.

"გვინდა სოფლის განვითარებასაც გადავწვდეთ, რომელიც აგროწარმოების გარდა, სხვა ეკონომიკურ აქტივობასაც საჭიროებს. შესაბამისად, ახლა უკვე გრანტები გაიცემა სოფლად, მაგრამ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის. შედეგად კი სოფლად მცხოვრები ადამიანი შეძლებს ჩაებას სხვა ბიზნესშიც, მაგალითად აგროტურიზმში ან სხვა პროექტში, რაც სოფელს წაადგება. ამისთვის კი მათ არც კოოპერატივის შექმნა მოეთხოვებათ. ისე კი, ახლადშექმნილი კოოპერატივებისთვისაც დამატებით დაფინანსებას გამოვყოფთ და მათ წევრებს ბიზნესგანათლებით დავეხმარებით. დამატებით ფულს გამოვუყოფთ კოოპერატივების სააგენტოსაც, რომელიც თავისი პერსონალის კვალიფიკაციას აამაღლებს, დამატებითი ფული მიემართება ბიუჯეტშიც, რომ მთავრობამ აგროსექტორის განვითარება უკეთ შეძლოს”,- ამბობს ეჩანოვე.