ინოვაციური შეთავაზება საქართველოში ჩამოსულ ტურისტს

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ოკულუსის საშუალებით, სათაფლიაში ვირტუალურად მოგზაურობა შეეძლებათ.

ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესკონტაქტთან " სტუმრობისას ”ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის” დირექტორმა, ნიკა როსტომაშვილმა განაცხადა.

როსტომაშვილის ინფორმაციით, ოკულუსი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც ტურისტს ვირტუალურ სივრცეში მოგზაურობას შესთავაზებს. "თანამედროვე მსოფლიო ვირტუალურ რეალობაშია. ჩვენ ვცდილობთ ამ ტრენდს ავყვეთ. როდესაც ტურისტი საქართველოში ჩამოვა, მას ოკულუსის გაკეთება აეროპორტშივე შეეძლება. ამ მოწყობილობის საშუალებით, ის, მაგალითად, სათაფლიაში აღმოჩნდება, რისი ვირტუალური დათვალიერების შემდეგაც მისი ნახვის სურვილი აღეძვრება”,- ამბობს ნიკა როსტომაშვილი.

მისივე თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი როგორც უცხოურ ინვესტორებთან, ასევე ქართულ ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს. ორგანიზაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 20 ობიექტის სია უკვე გაუგზავნა. "ჩვენ ვამუშავებთ ამ ინფორმაციას და იმედია, მალე ამ ობიექტების ვირტუალური ვერსიების შექმნას დავიწყებთ",- აღნიშნა ნიკა როსტომაშვილმა.