სავიზო რეჟიმი გამკაცრდება

პირველი სექტემბრიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი ამოქმედდება.

ამის შესახებ გადაცემა ”ბიზნესკონტაქტში” ისაუბრეს.

აღნიშნული კანონის მიხედვით, საზღვარზე ვიზების გაცემა შეიზღუდა. საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და ის 360 დღის ნაცვლად 180 დღით განისაზღვრა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ევროკავშირის, ნატოს, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი შენარჩუნდება. თუმცა იმ ქვეყნების სია, რომლებისთვისაც სავიზო რეჟიმი გამკაცრდება, კანონის ამოქმედებისას გაირკვევა.

სავიჟო რეჟიმის გამკაცრების თემას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ეხმიანება. ”ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია მთავრობის სხდომაზე გამოიტანოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც, მიგვაჩნია, რომ სტრატეგიულია ტურიზმის მიმართულებით. ასევე შეგვიძლია, დავუშვათ გამონაკლისი და ასეთი ქვეყანა ამოვიღოთ სიიდან ”,- აცხადებს ბოჭორიშვილი.

კანონი იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ შემუშავდა და ის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.