თბილისში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა იწყება.

ცენტრის საძირკველში კაფსულა დღეს ჩადეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ.

როგორც პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მშენებლობის მიზანია, ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის, ევროკონტროლისა და "იკაოს" მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სისტემებით აღჭურვა. მისივე თქმით, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემების შესაძენად საერთაშორისო ტენდერი ამ წლის შემოდგომაზე გამოცხადდება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 9 მილიონი ევრო იქნება.

საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი სრულად უზრუნველყოფს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის და საქართველოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოებას. ახალ მართვის ცენტრს ექნება შესაძლებლობა მოემსახუროს ახალ აეროპორტსაც, თუკი სახელმწიფო ასეთის აშენებას გადაწყვეტს.

ეს პროექტი ხელს შეუწყობს საჰაერო ნავიგაციის ძირითადი საქმიანობის, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას. აღნიშნული ცენტრის ფუნქციაში შევა ძირითადი სისტემების სარეზერვო მოწყობილობაც, ძირითადი სისტემის მწყორბიდან გამოსვლის შემთხვევაში ავიამეთვალყურეებს რამდენიმე წამში მიეცემათ შესაძლებლობა, გადავიდნენ სარეზერვო სისტემაზე და სრულფასოვნად გააგრძელონ საქმიანობა.

შენობის პროექტი 2010 წელს "ლებოს" მიერ შეიქმნა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ქართული სამშენებლო კომპანია "დაგი" ააშენებს. სამშენებლო სამუშაოები 23 ივლისიდან დაიწყება და გრაფიკის მიხედვით ორ წელიწადში დასრულდება. სამშენებლო პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარი იქნება და მშენებლობაზე 200-მდე ადამიანი დასაქმდება.