ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია "ტავ ჯორჯიასთან" მოლაპარაკებების მიზნით თურქეთში გაემგზავრება

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია კომპანია TAV-თან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით თურქეთში გაემგზავრება.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

"იგეგმება ვიზიტი ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით. ჩემი მოადგილე, შეიძლება, წავიდეს თურქეთში. იქ იქნება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და ვნახოთ შედეგები. მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არის კონფიდენციალური, გარდა იმისა, რომ შემიძლია გითხრათ, რომ აეროპორტი უნდა მოიყვანონ იმ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომელიც დადგენილია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, "ტავ ჯორჯია" მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა აცხადებს, რომ "ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, სადაც ეს მზაობა იქნება ასახული".

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია "ტავ ჯორჯიამ" არ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პოტენციალი ბოლომდე ყოფილიყო გამოყენებული. მინისტრის განცხადებით, ივლისის ბოლოს აეროპორტის მმართველ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რაც მას ისეთ ვალდებულებებს გაუჩენს, რომელთა შესრულებითაც აეროპორტის სატრანზიტო პოტენციალი მნიშნველოვნად გაიზრდება.