ოთარ დანელია ამერიკის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ოთარ დანელია ამერიკის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის ინიციატივით მიმდინარე "საქართველოს სოფლის მეურნეობის საინიციატივო პროგრამა" განიხილეს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო დარგში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მაიკლ შტაინერის თქმით, "არსებობს რეალური საფრთხე მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოახლოვებისა და ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას".

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში საპილოტე პროგრამის განხორციელების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება საქართველოს სასურსათო პოტენციალი. პროგრამის მეშვეობით დადგინდება, რა მოცულობით და რა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი საქართველოში. პირველ ეტაპზე შეირჩა ორი კულტურა - ხორბალი და სიმინდი. მომავალი კვირიდან დაიწყება პროექტი, რომლის მეშვეობითაც სიმინდის და ხორბლის მოსავლიანობა ფართობების მიხედვით განისაზღვრება", - განაცხადა მაიკლ შტაინერმა.

ოთარ დანელიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე მუშაობა გააქტიურდება.