3 ქართული Start-up გუნდი დუბაის ვენჩერული ინვესტორებისაგან დაფინანსებას მიიღებს

ღონისძიებაზე  პროექტის თუ იდეის პრეზენტაციით ინვესტორების წინაშე 30 გუნდი წარსდგა.

თბილისის ისტორიის მუზეუმის შენობაში (ქარვასლა), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოლოგიური სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი “Innov-a-thon Tbilisi” ჩატარდა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროგრამებთან. Innov-a-thon Tbilisi დუბაის ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა,TURN8-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

ღონისძიების მთავარი ამოცანა საქართველოში პერსპექტიული სტარტაპ გუნდების ინდენტიფიცირება და მათი ვენჩერული ინვესტორების წინაშე წარდგენა იყო. ქართულ გუნდებს მიეცათ საშუალება, აემაღლებინათ გამოცდილებისა და ცოდნის დონე ინვესტორებთან ურთიერთობის პროცესში.

ღონისძიებაზე საკუთარი პროექტის თუ იდეის პრეზენტაციით ინვესტორების წინაშე 30 გუნდი წარსდგა. პირველადი შერჩევის შემდეგ 6 გუნდი შეირჩა, მოგვინებით კი ცნობილი გახდა, რომ საბოლოო მოლაპარაკების და გასაუბრებების შედეგად, დუბაის აქსელერატორ TURN8-ის წარმომადგენლებმა 3 ქართული გუნდი შეარჩიეს.

აღნიშნული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ TURN8-ის 5-თვიან აქსელერაციის პროგრამაში, დუბაიში. აღსანიშნავია, რომ თითოეული გუნდის დასაფინანსებლად უკვე განხორციელდა პირველადი ინვესტიცია 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.

ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდია Helix Group. გუნდის წევრების, ლაშა კვანტალიანისა და თორნიკე გელაშვილის მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია - Plex, წარმოადგენს პროდუქტს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს სხვადასხვა ღონისძიებებსა და ექზპოზიციებზე მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში - ღონისძიებაზე დამსწრეთა კონტაქტი, ივენთზე წარმოდგენილი კომპანიები, ღონისძიების გრაფიკი, გამომსვლელთა სია და ა.შ

აქსელერაციის პროგრამისთვის შერჩეულთა შორის არიან: ლაშა გეწაძე, გიორგი გაბარაშვილი, დიმიტრი ცხოვრებაძე, გიორგი მეშველიანი და სიმონ ინვია. მათ მიერ წარმოდგენილი ინტერაქტიული ხელთათმანი 3D პრინტერის დახმარებით შეიქმნა და 3D სიმულაციას გვთავაზობს. მოწყობილობის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას მომხმარებელს შეეხოს ნივთებს ვირტუალურ სამყაროში.

მესამე გუნდი, რომელიც გაივლის აქსელერაციის პროგრამას, არის S-Marti. გუნდის იდეაა Touch, Face Recognition და Home Delivery სისტემებზე დაფუძნებული ვირტუალური სამარკეტო ტერმინალი, რომლის ვირტუალურ დახლებზე გამოსახულია ნატურალური ზომის სხვადასხვა პროდუქტი. მომხმარებელს S-Mart-ის ეკრანზე შეხებით შეუძლია შეარჩიოს პროდუქტი, ადგილი და ამ ადგილზე მიტანის დრო. გუნდის წევრები არიან გიორგი ლალიაშვილი და ზვიად სიჭინავა.

დუბაის აქსელერატორ TURN8-ის წარმომადგენლების განცხადებით, სპეციალისტების კვალიფიკაციითა და მუშაობის ხარისხით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგი აქვს რეგიონში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქსელერატორ TURN8-ში უკვე იმყოფება ერთი ქართული გუნდი, რომელიც ასევე საუკეთესო შედეგებს აჩვენებს მუშაობის პროცესში.