მეტროპოლიტენისა და რკინიგზის მუშაობა წუხელ შეფერხებული იყო

ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვის გამო, მეტროპოლიტენისა და რკინიგზის მუშაობა შეფერხებული იყო.

თბილისის მეტროსადგურებიდან წუხელ ასობით მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გვირაბში ოთხი მატარებელი გაჩერდა, მგზავრთა ვაგონებიდან გამოყვანა კი მას შემდეგ მოხერხდა, რაც თბილისის "მეტროპოლიტენის" ადმინისტრაციამ დენის ალტერნატიული წყარო ჩართო.

"22:33 საათზე გაგვეთიშა "თელასის" ყველა შემომყავნიდან ძაბვა. ჩვენი გენერატორების საშუალებით – ორი სადიზელო სადგური გვაქვს, ვუზრუნველყავით 4 მატარებლიდან მგზავრების გამოყვანა. ორი მატარებელი საბურთალოს ხაზზე, 2 კი დიდ ხაზზე იყო გაჩერებული", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის "მეტროპოლიტენის" ტექნიკურმა დირექტორმა ლევან მეხრიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ელექტროენერგიის გათიშვის გამო თითქმის 3 საათიანი დაგვიანებით შესრულდა მახინჯაური-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის რეისები. ბათუმიდან მომავალი მატარებელი კი, გორის სადგურზე გაჩერდა.

დაწესებულების პრესსამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, საქართველოს რკინიგზა ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს.