რუსეთში ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს

ახალი მინისტრი ახალი გეგმებით მოდის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკვე მესამე მინისტრი ჰყავს. დავით კირვალიძისა და შალვა ფიფიას შემდეგ, სამინისტროს ამჯერად ოთარ დანელია ჩაუდგა სათავეში. BPN-ი ახლადდანიშნულ მინისტრს აგრარულ სექტორში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

- სოფლის მეურნეობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ დარგის განვითარება კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. რა არის თქვენი გეგმები, როგორ აპირებთ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და რას შეცვლით სამინისტროში?

- პირველ რიგში, სამინისტროში საზოგადოებასთან კომუნიკაცია შეიცვლება და გაცილებით ინტენსიური იქნება. საზოგადოებას ზედმიწევნით მივაწვდით ყველა იმ სიახლეს და პროექტების მინდინარეობას, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. ბუნებრივია, ყველა დაპირება შესრულდება. მათი დიდი ნაწილი კი შესრულების პროცესშია. გავითვალისწინებთ პრემიერის შენიშვნებს სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით და ვუზრუნველყოფთ უფრო მაღალ ტემპს, უკეთეს კომუნიკაციას და იმ რიტმს, რომელიც მისთვის გაცილებით მისაღებია.

სოფლის მეურნეობა დარგობრივად არ იყო პოპულარული და დღესაც არ არის ის თავის სიმაღლეზე. ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველყოფთ ამ დარგის პოპულარიზაციას. ცოტა არ იყოს, გაკვირვებას იწვევს ის შეფასება, თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი სამინისტრო, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ აგრარული ქვეყანა და ჩვენი სტატუსი ხელოვნურად ვერ შეიცვლება. ამიტომ ჩვენი მიზანია, ამ სტატუსის კიდევ უფრო გაძლიერება, ძლიერი სოფლის შექმნა, კოოპერაციების ტრადიციის დანერგვა და ყველაფრის გაკეთება, რაც გლეხის კეთილდღეობას გაზრდის.

- თქვენ ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნეთ, რომ გააგრძელებთ იმ კურსს, რომელიც ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. კონკრეტულად, რა სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროპასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით?

- ეს ძირითადად DCFTA-ს (ევროკავშირთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა) ეხება. ასოცირების დიდი წილი სახელმწიფოს ვალდებულებებისა და სტანდარტიზაციის ნაწილში სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგზე მოდის, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობაზე. ამიტომ ჩვენ მთელ რიგ ღონისძიებებს ვგეგმავთ. ეს თემები დაძრულია და უკვე გეგმა გვაქვს გაწერილი, თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის შესრულებას. ეს სწორედ ის ცვლილებებია, რომელიც ხელშესახები და თვალსაჩინო იქნება და საზოგადოება მალე შედეგს დაინახავს.

- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა 2014-2020 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია. ამ სტრატეგიის შესახებ რომ გვითხრათ და ძირითადი მიმართულებები გაგვაცნოთ?

- ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულია სამინისტროს ყველა მიმართულება, თუმცა ჩვენ სავარაუდოდ, ამ სტრატეგიის გადავხედავთ და საზოგადოებას განახლებულ ვერსიას წარვუდგენთ.

რაც შეეხება ძირითად გეგმებს, ეს არის სტანდარტების დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ევროპასთან ასოცირებისთვის გვჭირდება, არამედ იმისთვის, რომ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე, როგორ სურსათს მივირთმევთ. აქ საუბარია ფერმიდან თეფშამდე მთელ ამ პროცედურაზე. ასევე სამელიორაციო მიმართულებით არის მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმილი, საგანმანათლებლო მიმართულებით. კოოპერაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება. მეღვინეობა ისედაც საკმაოდ წარმატებული დარგია და შესაბამისად, ამ დარგის კიდევ უფრო წახალისება მოხდება - ექსპორტის ხელშეწყობა, ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე ამ პროდუქტების წარმოჩენა. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, წლის ბოლომდე გვექნება ახალი ლაბორატორიები.

- სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრავალი სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ირიგაციისა და მიწის განვითარების პროექტი. რა მდგომარეობაა ამ პროექტების განხორციელების კუთხით, რა რაოდენობის თანხა ათვისებული და ხომ არ გეგმავთ ამ პროექტების მოდიფიკაციას ან სხვა ახალი პროეტების განხორციელებას?

- რამდენიმე მილიონია თითოეულ ამ პროექტზე გამოყოფილი, თუმცა აქაც ალბათ იქნება კორექტირება. ჩვენ გავაანალიზებთ წინა პერიოდს, თუ რა შედეგები გვაქვს და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ სამომავლო პროექტებს. არ არის გამორიცხული გარკვეული პროექტების კომპონენტები გადაიხედოს, გახდეს უფრო მოქნილი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გლეხებისთვის. იცით რომ დღეს ხშირად დგას უზრუნველყოფის პრობლემები - ფერმერებს შესაძლებობა აქვთ ძალიან კარგი პროექტები მოიტანონ, მაგრამ არ აქვთ საშუალება უზრუნველყოფით დააკმაყოფილონ საბანკო მოთხოვნები. შესაბამისად, ეს არის გამოწვევა და ჩვენ ვეცდებით ხელი შევუწყოთ ამ პრობლემის მოგვარებას კომპონენტების მოდიფიკაციით, რათა რაც შეიძლება მეტი კარგი პროეტის დაფინანსება იყოს შესაძლებელი.

- როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ის ნორმა და დაუშვებლად მიიჩნია მორატორიუმი, რომლის თანახმადაც უცხოელებს ეკრძალებოდათ გამხდარიყვნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეები. როგორ უნდა გადაწყდეს აღნიშნული საკითხი ისე, რომ მისაღები იყოს როგორც ინვესტორისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

- ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა. ყველა ევროპული ქვეყანა იდგა ამ გამოწვევის წინაშე და ყველამ თავისებურად დაარეგულირა ეს საკითხი. რომ გითხრათ, არსებობს მზა კონცეფცია, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ - ასე არ არის. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ქართული კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ასევე თანხვედრაშია იმ ევროპულ მოთხოვნებთან, რომელიც აღიარებულია. მიწა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ფაქიზი ძირითადი საშუალება, რისი წარმოებაც შეუძლებელია და საჭიროებს მოფრთხილებას. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მორგებული უნდა იყოს ეროვნულ მოთხოვნებს. წარსულში ბევრი სავალალო მაგალითი გვაქვს მიწის მართვასთან დაკავშირებით და ამ შეცდომებით შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ.

- სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის საექსპორტო ბაზრების მოძიება და ათვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რა გეგმები გაქვთ, რომ ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების გაფართოება მოხდეს და ამ კონტექსტში რა როლი აქვს რუსულ ბაზარს?

- რუსეთის ბაზარს რომ დიდი როლი აქვს, ეს უდავოა, თუმცა დივერსიფიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ექსპორტს. ამიტომ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. ვფიქრობთ რამდენიმე ქვეყანასთან საექსპორტო ბაზრებზე გასვლას, რომლებთანაც აქამდე არ გვქონდა თანამშრომლობა. ამ ეტაპზე შეგნებულად არ დავაკონკრეტებ, თუმცა არის საკმაოდ მიმზიდველი ბაზრები, კარგი მსყიდველუნარიანობით და ვცდილობთ, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში გავაფართოვოთ ექსპორტის არეალი.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ჩვენი მხრიდან უნდა დავიცვათ ყველა ის პირობა, რომელზეც შეთანხმებული ვართ. ჩამოსული იყო ფიტოსანიტართა ჯგუფი, რომლებმაც ჩვენთან ერთად შეიმუშავეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს გახლავთ ერთგვარი სახელმძღვანელო და ეს მოთხოვნები უნდა დავიცვათ, რათა ჩვენი მიზეზით, რამე ტექნიკური ხარვეზის გამო პრობლემა არ შეგვექმნას. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ექსპორტი იქნება ეს თუ იმპორტი, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ემსხვერპლოს პოლიტიკას. ვცდილობთ და მოტივირებული ვართ, მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ამ პროცესს და არ მოხდეს ამ თემის პოლიტიზირება. უკვე ათასობით ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია გასული რუსეთის ბაზარზე. გასული კვირის მონაცემებით, რუსეთში 80%-ით არის გაზრდილი ექსპორტი. ჯერჯერობით საფრთხეს ვერ ვხედავთ, გვაქვს ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა და კომუნიკაცია რუსულ მხარესთან და ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი რისკფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სავაჭრო ურთიერთობებს.

- როგორ ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს მის საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზებას. რა ეტაპზეა ამ საწარმოების პრივატიზება?

- ამ ეტაპზე შევაჩერე პრივატიზება, რადგან ვფიქრობ, რომ არ იყო ბოლომდე გააზრებული რამდენად ექვემდებარებოდა გასხვისებას ეს ქონება და არ სჭირდება სახელმწიფოს თუნდაც სტუდენტებისთვის, საცდელ მეურნეობად თუ სხვადახვა კვლევებისთვის. ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენთან ახლადშექმნილია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელსაც დაევალა, შეესწავლათ ამ ობიექტების გაყიდვის ან შენარჩუნების აუცილებლობა და წარმოედგინათ მათი ხედვა. ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გასხვისდეს ან არ გასხვისდეს.

გიორგი მუშკუდიანი