ერთი ტენდერის ისტორია

4 ათასი გამხმარი ნერგი და წყალში გადაყრილი 27 ათასი ლარი

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გაუმჭვირვალე ტენდერის შედეგად ტყუილად დახარჯული ფული, თვითმმართველობის არჩევნების წინ ხალხის თვალში პოლიტიკური ქულების ჩაწერა თუ უბრალო დედაქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა - ჯერ კიდევ მოქმედ ”ნაციონალური მოძრაობის” მერიას ფუჭი შრომის გამო თავის მართლება უწევს.

15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების წინ ზემო ვეძისში, ლისის ტბისკენ მომავალი გზის გასამწვანებლად თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს ”მწვანე ველმა” გაიმარჯვა და 4 ათასი თრიმლის დასარგავად 26 996 ლარი მიიღო. ნერგები მართლაც დარგეს, თუმცა, შესრულებული სამუშაოდან დაახლოებით თვენახევრის თავზე ყველა მათგანი სრულიად გამხმარია.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ უზარმაზარი თანხა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად დაიხარჯა და ამით ”ნაციონალების” მერიამ დედაქალაქელების ხმების მიღება სცადა. ამ მოსაზრებას ამტკიცებენ იმით, რომ ტერიტორია, სადაც თრიმლის ნერგები დაირგო, ისედაც გამწვანებულია - იმ ადგილებში ფიჭვნარია და, შესაბამისად, ნერგებს რომც გაეხარათ, თითქმის 27 ათასის ამაში გადახდა არცთუ გამართლებულად მიაჩნიათ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ზაფხულში ნერგების გადარგვა ფუჭი შრომაა, რომ სიცხეში მათ გახარება უჭირთ და რომ მერიის შესაბამის სამსახურებს ეს, წესით, უნდა სცოდნოდათ.

კომპანიაში ხელს მერიისკენ იშვერენ და გვეუბნებიან, რომ მათ ის გააკეთეს, რაც დაავალეს. მერიაში კი ჩატარებული სამუშაოების მიზეზებს განმარტავენ და გვაიმედებენ, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც საქმე ანდეს, ვალდებულია, 1 წლის განმავლობაში 4 ათასივე ნერგი გაახაროს. შესაბამისად, ყველაფერი ხელახლა გააკეთოს. მერის არჩევნების წინ სამუშაოების ჩატარებას კი უბრალოდ დამთხვევას უწოდებენ.

რატომ მაინცდამაინც ზაფხული

თრიმლის ორი სახეობა არსებობს - ის ბუჩქი ან პატარა ფოთოლმცვენი ხეა. გამხმარი ნარგავებისკენ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის მცხოვრები ბატონი გურამი მიგვიძღვის. იმ ადგილას, სადაც ივნისში თრიმლის გამრავლება გადაწყვიტეს, დასახლება არ არის, მხოლოდ სამანქანო გზაა. ჩვენი რესპონდენტიც ცოტა ზემოთ ცხოვრობს და სახლამდე მისასვლელად ამ გზას გადის. გვიყვება, რომ სამუშაოები ადგილობრივი არჩევნების წინ დაიწყო და დასრულდა კიდეც, თუმცა ამის შემდგომ ნერგების მოსავლელად მისული აღარავინ უნახავს.

”სამუშაოები რომ დაიწყეს, მაშინვე გაგვიკვირდა, რა საჭირო იყო აქ ნერგების დარგვა, იმიტომ, რომ გარშემო მოსახლეობა არაა, სამანქანო გზაა და გამწვანება იქ უფრო საჭიროა, სადაც ხალხი ცხოვრობს. არა, ზედმეტი არც აქაა, მაგრამ, მაგალითად, ჩვენი კორპუსის უკან ტრიალი მინდორი რომაა, არ ჯობდა, იმ ადგილის გასამწვანებლად გამოეყოთ ფული? იქ ბავშვები მაინც თამაშობენ. აქ კი ისედაც ფიჭვნარია, ანუ, უკვე გამწვანებულია. ამ ნერგებს რომც გაეხარათ, ჩემი აზრით, ფული მაინც გადაყრილი გამოდის, მაგრამ წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად პოლიტიკოსები რას აღარ აკეთებნ”, - გვეუბნება ბატონი გურამი.

ფიჭვნარში თრიმლის დარგვას დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ”დედამიწის მეგობრები” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ამბობს, რომ გააჩნია, თუ რა იყო ამოცანა - თუკი ის ფიჭვები ხმება, მაშინ იქ თრიმლის დარგვა მიზანშეწონილია. თუმცა, როგორც ჩვენ ვნახეთ, ფიჭვებს გახმობა არ ემუქრებათ.

ჩხობაძე ამბობს, რომ ზაფხულში მცენარის დარგვა სასურველი ნამდვილად არ არის და ამ შემთხვევაში მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მანამდე კი სპეციალისტებმა ნიადაგი უნდა შეამოწმონ - რამდენად შეესაბამება იგი ჩასატარებელ სამუშაოს.

ამ მოსაზრებას აგრონომი როლანდ მურანაშვილიც ეთანხმება და აცხადებს, რომ ნებისმიერი ხის თუ ბუჩქის და მათ შორის თრიმლის დარგვაც ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზეა მიზანშეწონილი. ზაფხულში კი მისი გახმობის შანსი დიდია.

”ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ გადაწყდა მისი დარგვა ზაფხულში, როცა ცხელა და მოსალოდნელია, რომ არ გაიხარებს. რა საჩქარო იყო, შემოდგომაზე რომ დაერგოთ, რა მოხდებოდა?”

”როცა მომთხოვეს, მაშინ დავრგე”

სამუშაოების შემსრულებელი შპს ”მწვანე ველი” თელავში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც მსგავსი სახის ტენდერში მონაწილეობა პირველად არ მიუღია. დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ მან ყველაზე უკეთ დააკმაყოფილა წამოყენებული კრიტერიუმები და თანაც, შესასრულებელი სამუშაოსთვის ყველაზე ნაკლები თანხა მოითხოვა - 26 996 ლარი. სამუშაო კი 2014 წლის 15-13 ივნისს აწარმოა.

როგორც ”მთელმა კვირამ” გამოარკვია, თრიმლის ერთი ნერგის ყიდვა დაინტერესებულ პირს 1 ლარად შეუძლია. შპს ”ნაკადულში”, რომელიც ამ საქიანობითაა დაკავებული, გვეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთბაშად დიდი რაოდენობის ნერგების ყიდვა სურს (მაგალითად, 4 ათასის), ფასი საგრძნობლად იკლებს.

მინიმუმ 23 ათას ლარიან სხვაობას ნერგის ღირებულებასა და ტენდერში გადახდილ თანხას შორის ”მწვანე ველის” დამფუძნებელი სირანა სიდამონიძე შესასრულებელი სამუშაოს სიმძიმითა და მუშახელისთვის გადასახდელი თანხის მიმატებით ხსნის. ამბობს, რომ ნერგების გახმობის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ მათი ნაწილი მაინც შემოდგომაზე ხელახლა ამოიყრის. თუ ასე არ მოხდა, ვალდებულია, სამუშაო ხელახლა გასწიოს და 4 ათასივე გამხმარი ნერგი ახლით შეცვალოს. უკვე დარგულის გახმობის მიზეზად კი ”მთელ კვირას” ესაუბრა.

სირანა სიდამონიძე: ”დარგვას თავისი დრო აქვს. როცა მომთხოვეს, მაშინ დავრგე. თუ ასე არ გაიხარა, ვალდებული ვარ, წლის ბოლომდე 100%-ით განვაახლო. ეს ხელშეკრულებაში მიწერია. შემოდგომაზე ან ადრეულ გაზაფხულზე ჩემი ხარჯებით ნერგებს ახლით ჩავანაცვლებ, მიუხედავად იმისა, რომ ვზარალობ”.

”მთელი კვირა”: ანუ, თქვენც ამბობთ, რომ ზაფხულში მისი დარგვა მიზანშეწონილი არ არის?

ს.ს.: ”კი, მაგრამ მე ის შევასრულე, რაც დამავალეს”.

- ჩვენ ვნახეთ, რომ თრიმლის ნერგები არცთუ ძვირია, ტენდერში კი თქვენ 27 ათას ლარამდე მოითხოვეთ...

-ფასი შესრულებულმა სამუშაომ გაზარდა. თქვენ თუ იყავით იმ ადგილას, ნახავდით, თუ როგორი რთული ადგილია. მანდ როგორ უნდა გაიხაროს? იქ ორმოების ამოღებაც ძალიან ძნელია. დარგვის შემდეგ რამდენჯერმე მოვრწყეთ, წვიმაც იყო. მეტი შრომა დასჭირდა და ეს ყველაფერი ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

-ანუ, ადგილი არ მოგეწონათ?

- მერიისგან რაც იყო მითითებული, სადაც საჭიროდ ჩათვალეს გამწვანება, იქ გავაკეთეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ გამოცხადებულ ტენდერებზე უარი არ ვთქვათ. ამაზე ვმუშაობთ და უარი როგორ ვთქვათ? ამაზე ვარ დამოკიდებული...

-მაგრამ თრიმლისთვის შესაფერისი ნიადაგი არ იყო?

-რა თქმა უნდა, როგორც ბოსტნეულს, მასაც სჭირდება შესაბამისი ნიადაგი, მაგრამ სადაც მერია მიგვითითებს, იქ ვაკეთებთ. მოგება ბევრი არაფერია, მაგრამ რაკი ეს ჩემი საქმეა და მივდევ, ბევრი რომც არაფერი დამრჩეს, ვცდილობ, უარი არ ვთქვა.

- ამ ადგილას თრიმლის ნაცვლად სხვა რამის ნერგი რომ დარგულიყო, შესაძლოა, გაეხარა?

-ამ პერიოდში გახარება ნებისმიერს გაუჭირდებოდა. ზაფხულში ყველა ხეს უჭირს.

მერიის პოზიცია

რატომ გადაწყდა ტენდერის გამოცხადება მაინცდამაინც ზაფხულში, მაშინ როცა, წესით, უნდა სცოდნოდათ, რომ ამისთვის ხელსაყრელი დრო არ იყო და არის თუ არა ეს ყველაფერი კავშირში არჩევნებთან - ”მთელ კვირას” მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი ესაუბრა. იგი აღიარებს, რომ ზაფხული ახალი ნარგავებისთვის საუკეთესო პერიოდი არ არის, თუმცა გვაიმედებს, რომ კომპანია შეცდომას უფასოდ გამოასწორებს.

გიორგი ქორქაშვილი:

”პოლიტიკა და არჩევნები აქ რა შუაშია? ქულების დაწერა რომ გვდომოდა, სხვა რამეს გავაკეთებდით. ხეებს ჩვენ ყოველ წელს ვრგავდით, ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ პოლიტიკური ქულების დაწერა ჰგონია ვინმეს ის, რომ გვინდა, ქალაქში მეტი სიმწვანე იყოს, ეგონოს”.

-თქვენც ამბობთ, რომ ეს გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა მომხდარიყო. იცოდით თუ არა, რომ დიდი იყო შანსი, ზაფხულში გაკეთებული საქმე ფუჭი აღმოჩენილიყო და კომპანიას ხელახლა ეწვალა?

-დღევნადელი ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ ხეები ნებისმიერ პერიოდში დაირგოს. უბრალოდ, ამისთვის გაზაფხული და შემოდგომაა საუკეთესო პერიოდი. ივნისში კი სიცხეები არ იყო და ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. თუმცა, ეს ყველაფერი იმ კომპანიის პასუხისმგებლობაა, ვინც სამუშაოები აწარმოა. ვალდებულია, რომ ახალი ნერგები დარგოს.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში ქალაქში ახალი ხელისუფლება მოვა, ეს კომპანიას თავისი ვალდებულების შესრულებაში ხელს არ უშლის. ანუ, რა გამოდის - ვის ჩაეწერა პოლიტიკური ქულები, წინა ხელისუფლებას თუ ახალს?

- ანუ უბრალო დამთხვევაა ის, რომ სამუშაოები ივნისში ჩატარდა და არაფერ შუაშია, რომ არჩევნები მოდიოდა?

- მსგავსი სამუშაოები სხვადასხვა ადგილას მაისშიც ჩატარდა, აპრილშიც და ახლაც მიმდინარეობს. არცერთი ობიექტი არ გაგვიჩერებია. რაკი დასრულდა არჩვნები, გავჩერდეთ და აღარაფერი ვაკეთოთ? გამწვანება დღევნადელი დღისთვის კი არა, მომავლისთვისაა და პოლიტიკასთან არანაირი საერთო არ აქვს. ამისთვის პოლიტიკური იარლიყის მირტყმა მგონი, არასწორია.

- რა პრინციპით შეირჩა ადგილი? იქ ხომ ისედაც ფიჭვნარია?

- თრიმლს პირველ რიგში ანტიეროზიული დანიშნულება აქვს. როცა ამის საშიშროება არსებობს, მიწის გასამაგრებლად თრიმლის დარგვა აპრობირებული ხერხია.

- და ამ მონაკვეთებში ეროზიის საშიშროებაა?

- დიახ, საშიშროება არის. სწორედ ამ პრინციპით შეირჩა და დაირგა და არა იმიტომ, რომ მას დეკორატიული დანიშნულება აქვს. ეს სამუშაო ჩასატარებელი იყო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თბილისში, სადაც ამის საშუალება გვაქვს, მაქსიმალური რაოდენობის ნერგი დავრგოთ, რათა მწვანე საფარის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყოს.

ვისაც ამხელა თანხის გადახდის საჭიროებაში ეჭვი ეპარება, წავიდეს და თავად გააკეთოს, თუკი ასეთი ენთუზიასტია. ნერგის ფასი სხვაა, როცა მას ვინმე ნაღდი ფულით ყიდულობს და სხვა, როცა შესყიდვა გადარიცხვებით ხდება, დღგ და საშემოსავლო გადასხაადი, ტრანსპორტირებისა და მუშის ხარჯები ემატება. მე მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კომპეტენტურ ადამიანს დავუჯდე და ვედებატო.

თაკო მათეშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”