წყალდიდობამ გუბაზეულის ხეობის სოფლები დააზარალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გუბაზეულის ხეობის სოფლები წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.

გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წუხელ ძლიერი წყალდიდობა იყო.

მისი თქმით, გუბაზეულის ხეობის ყველა სოფელში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ჩახერგილია გზები.

"დაზარალდა მოსახლეობა, დაეტბორათ საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესები. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ", - განაცხადა ლომჯარიამ. მისი თქმით, სტიქიამ ასევე დააზარალა სოფელი ნაბეღლავი და ამ დრომდე გაჩერებულია "ნაბეღლავის" ქარხანა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გუშინ ღამე ასევე დაიმეწყრა ბახმაროსთან მისასვლელი გზაც.

"რაც შეეხება ზარალს, შესაბამისი კომისია უკვე შეიკრიბა და მიმდინარეობს ზარალის დათვლა", - განაცხადა გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფორსმა.