"რუსთავი-საგარეჯოს" მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

"რუსთავი-საგარეჯოს" მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების "რუსთავი-საგარეჯოს" 300 მმ-იანი დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 68% უკვე შესრულებულია.

კორპორაციის ცნობით, გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "კომფორტმშენ XXI" აწარმოებს. პროექტის ღირებულება 5 194 207 ლარს შეადგენს.

"სამუშაოები 2014 წლის თებერვალში დაიწყო და კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, მილების სამშენებლო დერეფანში განლაგებას, მილების შედუღებას, შენადუღი პირაპირების იზოლაციას, ტრანშეას მომზადებას, მილსადენის ტრანშეაში სექციურ განთავსებას, თხრილის შევსებას, საგამოცდო სამუშაოებს (ჰიდროტესტირება), სამშენებლო დერეფნის აღდგენისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს", - აცხადებენ კორპორაციაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის დასრულებით უზრნველყოფილი იქნება მთლიანად კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით.