მცირე და მიკრო ბიზნესის დაწყების მსურველები გრანტებს მიიღებენ

ეკონომიკის სამინისტრო მიკრომეწარმეების დასახმარებლად სპეციალური პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს - მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში მეწარმეების დაფინანსებას და წვდომას შესაბამის განათლებაზე. მსგავს პროექტს კომპანია BP-ის (ბრიტანეთის ნავთობისა და გაზის კომპანია) დაფინანსებით, "რეგიონული განვითარების ასოციაცია", ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში ახორციელებს.

თამარ წიქარიშვილმა BP-ის დახმარებით მცირე ბიზნესი ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში 2013 წელს დაიწყო. ინკუბატორში, რომელიც პროგრამის დახმარებით შეიძინა, სხვადასხვა ფრინველის 3000-ზე მეტი წიწილა გამოიჩეკა. როგორც მეწარმე ამბობს, მისი ყოველთვიური მოგება 700-800 ლარს შეადგენს.

"თავიდან ბროილერის წიწილები ჩამოგვყავდა, ვზრდიდით და ვყიდდით. შემდეგ მივხვდით, რომ ადგილობრივი ჯიშის წიწილა უფრო კარგად გაიყიდებოდა. გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვეძინა ინკუბატორი, რაც საკმაოდ დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული. BP-იმ დაგვაფინანსა 5600 ლარით. რეგიონული განვითარების ასოციაციის ხელშეწყობით შევიძინეთ 1600-კვერცხიანი ინკუბატორი, პარალელურად, ვიყიდეთ საჩეკიც. ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიღებთ. ვისაც კვერცხი მოაქვს და ჩვენთან თანამშრომოლობს, უფრო დაბალ ფასად ვაძლევთ წიწილებს. მათი მხრიდანაც არის ინტერესი და ჩვენი მხრიდანაც, უკვე წინასწარ გვაქვს გათვლილი, წიწილი რომ გამოიჩეკება, მომხმარებელი ვინ გვეყოლება", - ამბობს თამარ წიქარიშვილი.

თამარ წიქარიშვილი პარტნიორთან ერთად სოფელ კლდეში კიდევ ერთ მცირე საწარმოს ამუშავებს და 2011 წლიდან ბალიშებს, მატყლის საბნებსა და ლეიბებს კერავს. ბიზნესში უკვე ოთხი ქალია დასაქმებული და მათი სეზონური მოგება 3000 ლარამდეა. როგორც მისი ბიზნესპარტნიორი ია ზეინკლიშვილი ამბობს, ბიზნესის გაფართოების სურვილი აქვთ -"ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, რომ სოფელსაც ჰქონოდა სარგებელი. გადავწყვიტეთ, მატყლის საბნებსა და ლეიბებზე გვემუშავა, ახალიც შეგვეკერა და ძველის განახლებაც მოგვეხდინა. BP-იმ ამ საქმიანობისთვის 3000 ლარამდე თანხით დაგვაფინანსა. ამ თანხით გავარემონტეთ შენობა, შევიძინეთ მასალები, ცხვრის საკრეჭი მაკრატელი. თავიდან ცხვარიც გვყავდა. მაგრამ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ ცხვრის ყოლა, რადგან ფერმერები უკვე თვითონ გვაბარებენ მატყლს. პირველ წელს 200-300 კგ მატყლიც არ დაგვიმუშავებია, რადგან არ იცოდა მომხმარებელმა ჩვენი საქმიანობის შესახებ, შემდეგ კი რეკლამაც აღარ დაგვჭირდა, იმდენად გავფართოვდით. გვემატება შეკვეთები. ცუდი ის არის, რომ სეზონურად, მხოლოდ 4-5 თვე ვმუშაობთ."

bpn

BP-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსება ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში მცხოვრებმა ნათია გოგოლაძემაც მიიღო, რომელმაც უკვე ერთი თვეა საკონდიტრო წარმოება გააფართოვა და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს - "სოფელში შეკვეთას ვიღებდი ნამცხვრებზე, გავიგე ამ პროექტის შესახებ და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. 2000 ლარით დამაფინანსეს, შევიძინე მაცივარი, გაზქურა, საცხობი, საკონდიტრო დანები, საჭირო ინვენტარი. ძალიან პატარა ადგილი მქონდა და გავაფართოვე",-ამბობს გოგოლაძე.

BP-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში "რეგიონული განვითარების ასოციაცია" ახორციელებს. პროექტი რამდენიმე კომპონენტისაგნ შედგება - მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა. ყოველ კომპონენტს თავისი ბიუჯეტი აქვს. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მაქსიმალური ზღვარი 10 000 დოლარია, მცირე და დამწყები ბიზნესისთვის – 1 500 დოლარის ექვივალენტი ლარებში.

"პროექტს ჰყავს მონიტორინგის და შეფასების ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან ხშირად დადის რეგიონებში, ამოწმებს პროექტის მიმდინარეობას, მიკრომეწარმეებთან მუშაობენ მობილიზატორები, რომლებიც ბიზნესის წარმოების პროცესს ბოლომდე მიყვებიან და მეწარმეებს ყველაფერს ასწავლიან. როდესაც განაცხადი შემოდის იდეის დონეზე, შემდეგ ხდება ამ იდეის გაფილტვრა, შემდეგ აპლიკანტს უტარდება ტრეინინგი, იწერება ბიზნესგეგმა და ამის შემდეგ საგრანტო კომიეტეტი იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. როდესაც პროექტი სტარტს აიღებს, იწყება თანამშრომლობა მეწარმეებთან, თუ რა მიმართულებით ჭირდებათ მათ მობილიზატორების ან მთლიანად ორგანიზაციის დახმარება. ისინი აწარმოებენ ჟურნალებს, აქვთ ინფორმაცია ბრუნვის, მოგების, ზარალის შესახებ", -ამბობს ასოციაციის პროექტების დირექტორი, ნინო ზამბახიძე.

მიკრომეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას ეკონომიკის სამინისტროც გეგმავს. როგორც მინისტრის მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს, პროგრამა დამუშავების პროცესშია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გრანტების მოცულობა, რომელსაც დამწყები მცირე მეწარმეები მიიღებენ.

"ეს პროექტი მეტწილად შეეხება არა არსებულ მეწარმეებს, არმედ მათ, ვისაც აქამდე არ ჰქონდა არც ფინანსური რესურსი და არც შესაბამისი უნარები მეწარმეობის დასაწყებად. სწორედ ამ სეგმენტზე გაკეთდება აქცენტი და მოხდება მათი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში. 2-3 წელიწადში სიცოცხლისუნარიანი კომპანიები, ასეთი პროექტების გადარჩენის კოეფიციენტი კი საკმაოდ მაღალია, შეძლებენ რომ გააფართოვონ საკუთარი საქმიანობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელება ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში მოხდეს.

მიკრომეწარმეობის პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე ეს შეეხება თავდაპირველად თითქმის ყველა სექტორს, დარგსა და მიმართულებას. ეს იქნება როგორც სოფლის მეურნეობა, ინდუსტრიული მიმართულება, ასევე სერვისზე ორიენტირებული საქმიანობის განვითარება. პროგრამა ორი კომპინენტისგან შედგება - წვდომა დაფინანსებაზე, მცირე საგრანტო სქემა და წვდომა განათლებაზე, უნარების გაუმჯობესებაზე. არ მოხდება ისე, რომ ერთხელ გადაეცემა მეწარმეს გრანტი და მასთან ურთიერთობა შეწყდება. მთელი მისი საქმაინობის პროცესში ჩართული იქნება ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მეწარმის საქმიანობას და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტი სწორად განხორციელდეს და მეწარმემ გაფართოება-გაზრდაზე იფიქროს",-აცხადებს ბოჭორიშვილი.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტის დეტალები ორი კვირის განმავლობაში დაზუსტდება. ამის შემდეგ კი, სატენდერო პროცედურების გავლით, შეირჩევა კომპანია, რომელიც პროექტს გაუძღვება. პროგრამის განხორციელება, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება.

ნათია ლეშკაშელი