რა უშლის ხელს საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარებას?

2013 წელს საქართველოს პილიგრიმული მიზნებით 9 984-მდე ადამიანი ესტუმრა

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად არის აღიარებული, თუმცა აქაც არსებობს რამდენიმე საინტერესო მიმართულება, სეგმენტი, რომლის შესახებაც საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, მაგალითად: რელიგიური და ინკლუზიური ტურიზმი. სპეციალისტების აზრით, ამ ხრივ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი საკმაოდ მაღალია, მართალია, ისრაელს, საბერძნეთს, ან თურქეთს ვერ შევედრებით, მაგრამ ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში არის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა მართლმადიდებლური სარწმუნოების წარმომადგენლებისათვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს პილიგრიმული მიზნებით 9 984-მდე ადამიანი ესტუმრა, რაც მთლიანად ვიზიტორთა რაოდენობის 0,2 პროცენტია. რაც შეეხება ინკლუზიურ ტურიზმს - მას ამ სფეროში მოკრძალებული წვლილი შეაქვს.

bpn.ge ამ საკითხთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, მედეა ჯანიაშვილს ესაუბრა.

მედეა ჯანიაშვილი: ”ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და რელიგიური წარსულისადმი უცხოელების დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ჩვენც ვმუშაობთ, რომ ეს დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ძეგლები გვაქვს და აქ უამრავი სიწმინდეა დაცული, ამის თაობაზე ინფორმაცია მსოფლიოში ნაკლებად არის. ამიტომაც გადავწყვიტეთ შევქმნათ რელიგიური ტურიზმის კატალოგი, რომელშიც იქნება სრული ინფორმაცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისათვის. ამ კატალოგში არ იქნება მარტო ცნობები იმაზე, თუ რომელ ტაძარში რა სიწმინდე ინახება, ეს იქნება მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი კატალოგი, სადაც შევა მარშრუტები, რომელიც გაუმარტივებს საქმეს ჩვენს სტუმრებს. როგორც ვიცი, იგეგმება, რომ გრემთან და ნეკრესთან ახლოს გაკეთდეს სასტუმროები, სადაც იქ მისული მომლოცველები დაბინავდებიან. ამ საქმით თვით ამ ტაძრების ადმინისტრაციაა დაინტერესებული”.

ინკლუზიური ტურიზმის თაობაზე კი, მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა: ”ამ მხრივაც ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ინკლუზიური ტურიზმი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი მიმართულებაა და მისი განვითარება განსაკუთრებით რთულია, რადგან შშმ პირებისათვის ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამინმა უნდა შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, რასაც საგანგებო პირობების შექმნა სჭირდება. ჩვენთვის ინკლუზიური ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ, კახეთის რეგიონში ჩავატარეთ კვლევა და შევისწავლეთ იქაური მარშრუტები, რომლებიც შშმ პირებს გამოადგებათ. ეს მარშრუტები გაკეთდა სამ მუნიციპალიტეტში - თელავში, სიღნაღსა და ყვარელში. ხშირად შშმ პირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა არც ისე რთულია. არსებულის გადაკეთებაც შეიძლება და მშენებარე სასტუმროებმაც შეიძლება გაითვალისწინონ შენობებზე თუნდაც პანდუსების დამატება. ეს არ უკავშირდება რაღაც კოლოსარულ თანხებს. მართალია, შშმ პირების გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში რთულია, მაგრამ შიდა ბაზარიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ? დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურად მუშაობს ამ მიმართულებით: ისინი მხოლოდ ინკლუზიურ ტურისტულ პაკეტებს ქმნიან, რომლებიც შშმ პირებისათვის არის განკუთვნილი”.

როგორც სამთო გამყოლთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა ერქომაიშვილმა გვითხრა, საქართველოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ რელიგიური საკითხებით დაინტერესებული ტურისტი დააინტერესოს:

-საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა, რის გამოც აქ არა მარტო მართლმადიდებლები ჩამოდიან, არამედ სხვადასხვა კონფესიის მიმდევრებიც. შარშან, მაგალითად, 32 ეპისკოპოსი გვყავდა ჩამოყვანილი დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენ ძალიან დიდი განძი გვაქვს ქართული ეკლესია-მონასტრების სახით, ამიტომ, რელიგიური ტურიზმი ჩვენთან ბოლო წლებში თანდათან, მაგრამ მაინც ვითარდება. წელსაც ველოდებით ტურისტებს, რომლებიც სწორედ ჩვენი რელიგიური ღირსშესანიშნაობებით არიან დაინტერესბული. საქართველოში ჩამოსული სტუმრების 95 პროცენტი ჩვენს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში მიდის, მაგრამ არის ხალხი, ვისაც მთებში, მაგალითად, მყინვარწვერზე ასვლა და იქ არსებული ბეთლემის მონასტრის, ან სხვა ტაძრების ნახვა უფრო აინტერესებს. ერთი სიტყვით, საამისოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. რაც შეეხება ინკლუზიურ ტურიზმს, მისი განვითარება გაცილებით რთულია იმიტომ, რომ დღეს ჩვენს კურორტებზე არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტურისტებს და მათ მოთხოვნებს შეესაბამება. რასაკვირველია, გამონაკლის შემთხვევბზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენო ფაქტი, რომელიც 1995 წელს მოხდა და გინესიის რეკორდების წიგნშიც შევიდა: მაშინ, ჩვენი დახმარებით ხუთი სხვადასხვა ეროვნების შშმ პირი ავიდა მყინვარწვერზე. ხუთივე ინვალიდის ეტლში იჯდა, მათი სავარძლები თხილამურებზე იყო დამაგრებული, ხოლო თოკებს ჩვენ ვუმაგრებდით. მთაზე ასასვლელად ერთ თვეზე მეტი დაგვჭირდა, მაგრამ მათ ეს შეძლეს-დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც ავიდნენ მწვერვალზე. როგორც ვიცი, გუდაურშიც არის სპეციალური ჯგუფები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ერთიანდებიან და მათ თხილამურებზე ასრიალებენ. ამ ჯგუფებში არიან უსინათლოებიც და სხვა უნარს მოკლებული ადამიანებიც.

bpn.ge-თან საუბრისას, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა, კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

- საქართველოში მართლაც ძალიან ბევრი რამ არის სანახავი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კულტურული ტურების 80 პროცენტი ეკლესია-მონასტრების მონახულებასთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ეკლესიის მუშაკებსა და ტურისტებს შორის კონფლიქტური სიტუაცია არც თუ იშვიათია. ძალიან ხშირად აქვს უხეშობას ადგილი ორივე მხრიდან: ხშირად ტაძარში დგანან ადამიანები, რომლებიც კიცხავენ იქ შემსვლელებს, ზოგჯერ კი სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეკლესიაშიც არ უშვებენ. მაგალითად, ამასწინათ ერთი გერმანელი სტუმარი გარეთ გამოაძევეს... ასეთი რამ გაუგებარია ტურისტისათვის, რომელიც ეკლესია-მონასტრებს უყურებს, როგორც კულტურულ ფასეულობას, ამიტომ, როგორღაც შეთანხმება უნდა მოხდეს ტურისტულ სექტორსა და საპატრიარქოს შორის. ხომ შეიძლება ეკლესიის კარზე მათთვის გასაგები ენით ეწეროს იქ მოქცევის წესები? - ევროპელები ამ წესებს უეჭველად დაემორჩილებიან. თუ არადა, მსოფლიოში არის დახურული მონასტრები, სადაც სამოქალაქო პირები ვერ შედიან, აქაც ასე უნდა მოხდეს, გაურკვევლობას ასე სჯობია. ვიდრე ასეთი საკითხები არ მოგვარდება, შეიძლება ძალიან უსიამოვნო რამ მოხდეს და მსოფლიო საზოგადოებისგანაც ცუდი გამოხმაურება მივიღოთ. რაც შეეხება ინკლუზიურ ტურიზმს, ამ მიმართულების განვითარებასაც დიდი მონდომება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ხშირად ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი არ არის კომფორტი, მით უმეტეს - შშმ პირისთვის. გერმანიაში, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებიდან დაწყებული, ყველაფერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზეა მორგებული. ჩვენთან კი, რა ხდება? - ზოგჯერ ოჯახი, სადაც შშმ პირი ცხოვრობს, საკმაოდ შეძლებულია, უნდათ, რომ ის სადმე წაიყვანონ, მაგრამ გასაქანი არა აქვთ. ელემენტარული პირობების არქონის გამო ეს ადამიანები სულ სახლში არიან ჩაკეტილები. თუ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ვაპირებთ, მგონი, ეს ადამიანებიც არ უნდა დავივიწყოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე